Starlink-ის სატელიტური კავშირი 4G სმარტფონებზე იმუშავებს „ყველგან, სადაც კი ცა ჩანს“

SpaceX-მა მობილურ მოწყობილობებზე თავისი მომავალი სერვისის, Starlink Direct to Cell-ის გაშვება დააანონსა. ინფორმაცია Starlink-ის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.

კომპანიის ცნობით, 2024 წელს ახალი სერვისი ტექსტური შეტყობინებებით შემოიფარგლება, ხოლო 2025 წელს სერვისს უკვე ხმისა და მონაცემთა, ასევე, ფაილების გადაცემის ფუნქცია ექნება.

„Direct to Cell არსებულ LTE-ის, ანუ მაღალსიჩქარიან 4G მობილური ინტერნეტის ტელეფონებზე იმუშავებს ყველგან, სადაც კი ცა ჩანს,“ – წერია Starlink-ის განცხადებაში.

ამასთან, კომპანიის ცნობით, არ არის საჭირო ტელეფონის პროგრამული უზრუნველყოფის ან სპეციალური პროგრამების შეცვლა, რაც ტექსტზე, ხმასა და მონაცემებზე უწყვეტ წვდომას უზრუნველყოფს. Direct to Cell-ფუნქციით აღჭურვილი Starlink-ის სატელიტები ისედაც უზრუნველყოფენ ტექსტურ შეტყობინებებზე, ზარებსა და ვებგვერდებზე სრულ წვდომას.

კომპანია აცხადებს, რომ Starlink-ის Direct to Cell-თანამგზავრებს მოწინავე eNodeB მოდემი აქვთ, რომელიც კოსმოსში მობილური საკომუნიკაციო კოშკის ანალოგია. ეს ქსელში ინტეგრაციის საშუალებას ისევე იძლევა, როგოც როუმინგ-პარტნიორის სტანდარტული ფუნქცია მუშაობს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ