შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2023 წლის მე-3 კვარტალის საზღვრის კვეთის მონაცემები გამოაქვეყნა. როგორც ოფიციალური მონაცემებიდან ირკვევა, ივლის-სექტემბერში საქართველოს საზღვარი ყველაზე ბევრჯერ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებმა გადაკვეთეს.
კერძოდ, უწყების მონაცემებით, მე-3 კვარტალში სახელმწიფო საზღვრის კვეთა 7 180 916- ჯერ (შემოსვლა+გასვლა) განხორციელდა. აქედან 24% მოდიოდა საქართველოს, ხოლო 76% უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე.
ამასთან, შს სამინისტროს ცნობით, ივლის-სექტემბერში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან 2 689 306 შემოსვლა და 2 734 526 გასვლა დაფიქსირდა.
ამათგან, ყველაზე ბევრჯერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთეს რუსეთის მოქალაქეებმა. მათი მხრიდან საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა 766 278 შემოსვლა და 780 514 გასვლა. მას მოსდევს თურქეთი - 551 107 შემოსვლითა და 553 600 გასვლით, მე-3 ადგილზე კი სომხეთია, საიდანაც 451 809 მოქალაქის შემოსვლისა და 452 562 მოქალაქის გასვლის ფაქტი დაფიქსირდა.