Reebok დიდ კალათბურთში ბრუნდება - კომპანიის პრეზიდენტი ლეგენდარული შაკილ ო'ნილი გახდა

სპორტული სამოსის ბრენდ Reebok-მა კალათბურთში დაბრუნება გადაწყვიტა, რა მიზნითაც კომპანიის პრეზიდენტად ამერიკის ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ლეგენდა, შაკილ ო'ნილი დაინიშნა. ინფორმაციას Forbes Sport ავრცელებს.

კომპანია, Reebok ახლახან Adidas-მა, თითქმის, 2,5 მლრდ დოლარად გაყიდა. Reebok Basketball-ის პრეზიდენტად ო'ნილი ერთი წლის შემდეგ დაინიშნა, რაც Authentic Brands Group-მა (ABG) 2022 წელს კომპანია 2.46 მლრდ დოლარად შეიძინა. ო'ნილი არის ABG-ის სიდიდით მეორე აქციონერი და ტექნიკურად Reebok-ს ნაწილობრივი მფლობელიცაა.

Forbes Sport წერს, რომ ახალი კურსით კომპანია „გადატვირთვასა“ და ამერიკელების საყვარელ სპორტში დომინირებას აპირებს. კერძოდ, Reebok Basketball 2025 წლის დასაწყისში ხელახლა ჩაეშვება, რომ კომპანია კალათბურთის ბიზნესის მთავარი მოთამაშე კიდევ ერთხელ გახდეს. ამ წლისთვის Reebok აპირებს, კალათბურთში კონკურენცია გაუწიოს ისეთ კომპანიებს, როგორიც არის Nike, Adidas და Under Armour. „გადატვირთვის“ ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი კომპანიის პრეზიდენტად ო'ნილის, ხოლო ვიცე-პრეზიდენტად NBA-ის კიდევ ერთი ლეგენდის, ალენ აივერსონის დანიშვნა გახდა.

„ჩვენ Reebok-ის ორი ყველაზე გამორჩეული სპორტსმენი ავიყვანეთ და მათ რეალურ მენეჯერულ პოზიციებზე ვნიშნავთ. ეს არასდროს მომხდარა ჩვენს ინდუსტრიაში. ჩვენ გვყავს წარმატებული სპორტსმენები 20 წელზე მეტი გამოცდილებით და მათ ლიდერის როლს ვანიჭებთ, რომ ბრენდის კატაპულტირება მოახდინონ,“ - აცხადებს Reebok-ის აღმასრულებელი დირექტორი, ტოდ კრინსკი.

მისი თქმით, Reebok „საკმაოდ დიდი სახელის მქონე“ სამიდან ხუთამდე მოთამაშის სპონსორობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს მართავს. ო'ნილისა და აივერსონის მთავარი მიზანი მეტი კალათბურთელის მიზიდვაა.

ამჟამად ბრენდის პოზიცია კალათბურთში გაცილებით უარესია და Reebok-ის სპორტულ ფეხსაცმელში NBA-ს აქტიური კალათბურთელებიდან მხოლოდ ერთეული სპორტსმენები თამაშობენ. ეს არის კლუბ Miami Heat-ის ფორვარდი, ჯოშ რიჩარდსონი და Philadelphia 76ers-ის მოთამაშე, მონტრეზლ ჰარელი.

სპორტულ ფეხსაცმელ Shaq Attack-ით ო'ნილი Reebok-ის პირველი სახე 1992 წელს გახდა. ო'ნილის Shaq Attack ჯერ კიდევ რეალიზაციაშია და ყოველთვიურად მთელს მსოფლიოში მილიონზე მეტი წყვილი იყიდება. Reebok-თან თანამშრომლობის განახლებით ბრენდი აპირებს, საკულტო ხაზი ახალი ტექნოლოგიების დამატებით დააბრუნოს. შესაძლოა, ეს ბოტასი გარკვეულწილად საკულტო Air Jordans-ს დაემსგავსოს, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ის უფრო იაფი იქნება.

1990-იანი წლების ბოლოს, შაკილმა კომპანია, Reebok დატოვა, თუმცა 2012 წელს ხაზის ხელახლა გასაშვებად დაბრუნდა. NBA-ს კიდევ ერთი ლეგენდა, ალენ აივერსონი Reebok-ში 1996 წელს სერია Question-ით გამოჩნდა, რომელიც საბოლოოდ მეტად წარმატებულ ფეხსაცმლის ხაზ The Answer-ად ჩამოყალიბდა. კალათბურთის ყოფილი სუპერვარსკვლავების ფეხსაცმლის ორივე ხაზი წლების განმავლობაში გულშემატკივრების ფავორიტად რჩებოდა.

„ჩვენ დიზაინერების ახალი თაობა ავიყვანეთ და მათ ერთ-ერთი ინოვაცია შეიმუშავეს... სწორედ ახლა ნიმუშებს ვიღებთ და მათ დატესტვას ადგილობრივ საშუალო სკოლებში ვიწყებთ,” - აცხადებს Reebok-ის აღმასრულებელი დირექტორი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ