საკონსტიტუციო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი დაადგინა

საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოაცხადა.

საკონსტიტუციო სასამართლოს 9 წევრისგან შემდგარმა პლენუმმა დაადგინა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია, როდესაც მთავრობის თანხმობის გარეშე საფრანგეთის, გერმანიისა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტებს შეხვდა საზღვარგარეთ.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარდგინების განხილვა 5 ოქტომბერს დაასრულა. პლენუმი სამი დღის განმავლობაში უსმენდა მხარეებს.

სასამართლოს პლენუმში არიან: მერაბ ტურავა, ვასილ როინიშვილი, ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, მანანა კობახიძე, ირინა იმერლიშვილი, ხვიჩა კიკილაშვილი და თეიმურაზ ტუღუში.

"პრეზიდენტმა, 2023 წლის 31 აგვისტოს, 1-ელ და 6 სექტემბერს საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების დროს, საგარეო ურთიერთობათა სფეროში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელა მთავრობის ნებართვის გარეშე, რითაც დაარღვია კონსტიტუცია", - განაცხადა სასამართლოს დასკვნის წაკითხვისას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ.

ამასთან, როგორც ტურავამ აღნიშნა, დასკვნაზე განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირა სამმა მოსამართლემ - ირინა იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ, პროცესი უკვე საქართველოს პარლამენტში გადაინაცვლებს, სადაც "ქართული ოცნება" პრეზიდენტის გადაყენებას შეეცდება. პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის 100 დეპუტატის თანხმობაა საჭირო.

საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატის მიერ ხელმოწერილი წერილი იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად მმართველმა პარტიამ სასამართლოში 12 სექტემბერს შეიტანა. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების პოზიციაა, რომ გერმანიაში, ბელგიასა და საფრანგეთში პრეზიდენტის შეუთანხმებელ ვიზიტებზე მსჯელობა მხოლოდ კონსტიტუციის 52-ე მუხლს უნდა ეყრდნობოდეს, რომლის მიხედვითაც - „საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში, აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან“ და სხვა.

"პრეზიდენტმა [მთავრობისგან] ითხოვა თანხმობა, არ მიუღია თანხმობა - დაირღვა საქართველოს კონსტიტუცია“, - ასეთია საკონსტიტუციო წარდგინების ავტორის ირაკლი კობახიძის პოზიცია.

ცნობისთვის, 2018 წელს 6-წლიანი ვადით არჩეულ სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო ვადა 2024 წლის ბოლოს ეწურება.