იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლები წოდებრივ სარგოს და წელთა ნამსახურობის დანამატს მიიღებენ - პარლამენტი ცვლილებებს განიხილავს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომელიც იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომელთა სამართლებრივ სტატუსს და სოციალური დაცვის გარანტიებთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება.

როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა, დღეს, გარკვეულწილად, უთანასწორო მდგომარეობაა, რადგან, მაშინ, როცა საქმე ეხება იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებს, ისინი ვერ სარგებლობენ სოციალური და სამართლებრივი დაცვის ღონისძიებების იმ პაკეტით, რაც გააჩნიათ სისხლის სამართლის საგამოძიებო კომპეტენციის ორგანოების სხვა თანამშრომლებს.

„შესაბამისად, ამ საკანონმდებლო ინიციატივით ხდება გარკვეულწილად უთანასწორო მდგომარეობის აღმოფხვრა და წარმოდგენილი ინიციატივის მიღების შემთხვევაში იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლები მიიღებენ როგორც წოდებრივ სარგოს და წელთა ნამსახურობის დანამატს, ასევე, მათ გაუჩნდებათ სახელმწიფო კომპენსაციის მიღების შესაძლებლობა“, - აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.

თაია არდოტელი