სუმა ჩაკრაბარტი: EBRD-ი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ეროვნული ბანკის მონიტარულ პოლიტიკას

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ეროვნული ბანკის მონიტარულ პოლიტიკას.აღნიშნული განცხადება EBRD-ის პრეზიდენტმა, სუმა ჩაკრაბარტიმ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.  ჩაკრაბარტის შეფასებით, სხვა ქვეყნებისათვის სამაგალითოა მოდელი, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი ახორციელებს. მისივე თქმით, გონივრულია მცურავი გაცვლითი კურსის და მნიშვნელოვანია სავალუტო რეზერვების შენარჩუნება-გაფრთხილების პოლიტიკა. ამასთან, მან გიორგი ქადაგიძეს წლის ცენტრალურ ბანკირად აღიარება მიულოცა.

"ეს ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო მისთვის და საქართველოს ეროვნული ბანკისთვის, არამედ ქვეყნისთვის. ეს არის აღიარება, რომ ქვეყანაში ძლიერი და გამართული საბანკო სისტემა არსებობს. რაც მიანიშნებს, რომ ეროვნული ბანკი კომერციულ საბანკო სისტემას კარგად არეგულირებს", - განაცხადა სუმა ჩაკრაბარტიმ.

ამასთან, მისივე შეფასებით, საქართველოს საბანკო სისტემა გამართულია და კაპიტალიზაციის დონე მაღალია. თავის მხრივ კი, EBRD-ი საკუთარ ძალისხმევას მომავალშიც გააგრძელებს. "ჩვენ დავაფინანსებთ მცირე და საშუალო საწარმოებს, საბანკო სექტორის საშუალებით. ორი ბანკის აქციები ამჟამად ლონდონის საფონდო ბირჟაზე იყიდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი ძალისხმევა იმითაც დასტურდება, რომ საქართველომ ლარში ნომინირებული ობლიგაციები გამოუშვა, რაც პირველი პრცედენტი იყო", - აღნიშნა EBRD-ის პრეზიდენტმა.