გიორგი ქადაგიძე ლარის კურსთან დაკავშირებით მომავალ კვირამდე პოზიციას არ დააფიქსირებს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ლარის გაცვლით კურსთან დაკავშირებით მომავალ კვირამდე პოზიციის დაფიქსირებას არ აპირებს.

როგორც ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად ქადაგიძემ განუცხადა, მიმდინარე კვირა, როცა საქართველოში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ღონისძიებები იმართება, გამოყენებული უნდა იყოს ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის წარმოჩენისთვის და მხოლოდ ამაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული.

"მხოლოდ და მხოლოდ ამაზე უნდა ვიყოთ ჩვენ კონცენტრირებული და ამაზე უნდა ვიფიქროთ. რაც შეეხება გაცვლითი კურსის საკითხს, გასაგებია, რომ საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს მოსახლეობას ძალიან აწუხებს და არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. კონფერენციის დასრულების შემდეგ, მომავალ კვირას, წარვდგები პარლამენტში, სადაც საუბარი გვექნება ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით. ამიტომ ჩემი თხოვნაა, ეს ფორუმი მაქსიმალურად გამოვიყენოთ იმ მიზნებისათვის, რაც ქვეყნისთვის აუცილებელი და სასარგებლოა. ეს არის ინვესტიციების მოზიდვა, რაც ერთადერთი გზაა, გადავწყვიტოთ უმუშევრობის პრობლემა, გაიზარდოს რეალური შემოსავლები და მოსახლეობის წინაშე არსებული ყველა ფუნდამენტური საკითხი გადაწყდეს რაც შეიძლება სწრაფად", - აღნიშნა გიორგი ქადაგიძემ.