ბელგიაში 2026 წლის ზაფხულის ბოლოს მსოფლიოში პირველი „ენერგეტიკული კუნძული“ გაჩნდება, რომელიც მიმდებარე ქარის ელექტროსადგურებში გამომუშავებულ ენერგიას გაანაწილებს და მის დანაკარგს შეამცირებს. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს.
კუნძული, ასევე, იმ ქვეყნების ქარის ენერგიას მიიღებს და გაანაწილებს, რომლებიც ჩრდილოეთ ზღვაში ქარის ტურბინებს ამუშავებენ. ასეთი ქვეყნებია, მაგალითად, დანია და დიდი ბრიტანეთი.
კუნძულს პრინცესა ელიზაბეტის სახელი დაერქმევა და ქვეყნის სანაპიროდან 45 კილომეტრში განთავსდება. მისი მშენებლობა მომავალი წლის მარტში დაიწყება. ექსპერტები ბეტონის საძირკველს უკვე აკეთებენ, რომელმაც კუნძული უნდა დააკავოს.
2025-2026 წლებში „ენერგეტიკულ კუნძულზე“ დამონტაჟდება ტრანსფორმატორები, რომლებიც ქარის ელექტროსადგურებიდან ენერგიას გარდაქმნის. შემდეგ ელექტროენერგია ქსელს მიეწოდება და მატერიკზე ტრანსპორტირდება.
მსგავს ენერგეტიკულ პროექტს გერმანია და დანია ერთობლივად, დანიის კუნძულ ბორნჰოლმზე განახორციელებენ. ხელოვნურ კუნძულზე გიგანტური ენერგეტიკული ჰაბი, ანუ ქარის ენერგიის წარმოების, შენახვისა და განაწილების ცენტრი გაჩნდება. 470-კილომეტრიანი კაბელის დახმარებით კუნძულიდან ენერგია არა მხოლოდ გერმანიასა და დანიას, არამედ ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთსაც მიეწოდება, რაც 4,5 მილიონ ევროპულ ოჯახს სუფთა ელექტროენერგიით უზრუნველყოფს. პროექტი 2030 წლისთვის უნდა დასრულდეს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ