ისრაელის თავდაცვის ძალები - ისრაელში, „ჰამასის“ თავდასხმის გამო, იძულებით გადაადგილება 500 000 ადამიანს მოუწია

„ჰამასის“ მიერ ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმის დაწყების შემდეგ, დაახლოებით, 500 000 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ჯონათან კონრიკუსმა განაცხადა.

„ღაზას სექტორის გარშემო ყველა დასახლება ევაკუირებულია მთავრობის მითითებების შესაბამისად. არ გვინდა, მშვიდობიანი მოქალაქეები საბრძოლო ზონასთან ახლოს იმყოფებოდნენ“, - აღნიშნა კონრიკუსმა.

მისი თქმით, იძულებით გადაადგილებულ 500 000 ისრაელელს შორის ასევე არიან ის მოქალაქეები, რომლებიც ლიბანთან საზღვრის მიმდებარე დასახლებებში ცხოვრობენ, რადგან იზრდება დაძაბულობა შეიარაღებული პირების კიდევ ერთ დაჯგუფებასთან, „ჰეზბოლასთან“.

„ჩვენ ვსაუბრობთ მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ სიტუაციაზე ისრაელში“, - აღნიშნა კონრიკუსმა, მაგრამ დასძინა, რომ ღაზაში სიტუაცია გაცილებით უარესია.