საქართველოში ერთ ექიმზე, ერთი ექთანიც არ მოდის - როგორია სამედიცინო პერსონალის რიცხოვნობა

საქართველოში ექთნების რაოდენობა იზრდება, თუმცა, ბოლო მონაცემებითაც კი, 1 ექიმზე ერთი ექთანი ჯერ კიდევ არ მოდის. ეს მაშინ, როდესაც, საერთაშორისო სტანდარტით, ერთ ექიმთან 4 ექთანი უნდა მუშაობდეს.

უფრო კონკრეტულად, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის მდგომარეობით, საქართველოში 23 908 ათასი ექიმი იყო რეგისტრირებული, ხოლო ექთნების რაოდენობამ 22 391 შეადგინა.

რას შეეხება გასული წლების მაჩვენებლებს, 2021 წელს ექიმების რაოდენობა 22 495 იყო, 2020 წელს - 21 467, 2019 წელს - 31 746, ხოლო 2018 წელს - 30 998.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, გასული წლის მდგომარეობით, 22 391 ექთანი იყო რეგისტრირებული, 2021 წელს - 22 078, 2020 წელს - 22 175, 2019 წელს - 19 613, ხოლო 2018 წელს - 18 011.

ამასთან, 2022 წელს 22 391 ექთნიდან 362 - მეანზე, ხოლო 22,029 კონკრეტულად ექთანზე მოდიოდა.

ცნობისთვის, საექთნო და მეანი ექთნის სფერო რეგულირებადი პროფესია გახდება. ცვლილებების თანახმად, დამოუკიდებელი საექთნო და მეანი ექთნის საქმიანობის უფლების მოპოვებისთვის, შესაბამისი სარეგისტრაციო/სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება იქნება საჭირო.

ამასთან, გამოცდის ჩაბარება დაინტერესებული პირის მიერ პროფესიული კოლეჯის დამთავრების შემდეგ მოხდება და შედეგად სერტიფიცირებული პრაქტიკოსი ექთნის წოდება მიენიჭება, ხოლო ბაკალავრიატის დამთავრების შემთხვევაში, გამოცდის ჩაბარებისას მიენიჭება რეგისტრირებული ექთნის წოდება. გარდა ამისა, საქმიანობა დაექვემდებარება პროფესიულ პასუხისმგებლობას.

ნინი ქეთელაური