პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ ბრძოლას აგრძელებს, რათა საქართველოს ბუნებრივი რესურსები და წიაღისეული, ის, რაც ქვეყნის მთავარი ეკონომიკური პოტენციალია, ქართველების ხელში დარჩეს, - ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ხალხისთვის“ ავრცელებს.
როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ანა დოლიძე აცხადებს, რომ საქართველოს ბუნებრივი რესურსების შესაძლო დაკარგვის თვალსაჩინო მაგალითი რაჭაში მომხდარი ფაქტია.
„ჩვენი პარტია ყოველთვის ცდილობს, იმ მთავარ პრობლემებზე ისაუბროს, რაც დღეს საზოგადოებას აწუხებს. უმთავრესი გაჭირვება, უმუშევრობა და სიღარიბეა. ამისათვის საქართველოს ბუნებრივი რესურსების მაქსიმალური ათვისება და გამოყენება გვჭირდება. სამწუხაროდ, ამ რესურსებს დღეს ხელისუფლება გვაკარგვინებს. როგორც ცნობილია, რაჭის დაახლოებით მესამედი, ანუ 70 სოფლის ირგვლივ არსებული ტყე ერთი კაცის ხელში აღმოჩნდა და ვინ არის ის ერთი კაცი - პუტინის გარემოცვასთან დაახლოებული დავით ხიდაშელი.
გლეხებს საკუთარი მიწები დაუყადაღეს. ანუ, რუსეთი, რომელსაც ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს, ახლა რაჭის ტერიტორიის ოკუპაციას ახდენს და ჩვენს მიწებს ჩვენივე ხელისუფლების დახმარებით იტაცებს.
გაგახსენებთ, 2021 წელს ოლიგარქის რეჟიმის პრემიერ-მინისტრი ვინ იყო, ვინც მთავრობის 134-ე განკარგულებას ხელი მოაწერა - გიორგი გახარია. დღეს რომ ოპოზიციის რიგებიდან უპირისპირდება „ქართულ ოცნებას“, 2021 წლის 29 იანვარს სწორედ იმ განკარგულებას მოაწერა ხელი, რომლითაც ექსკლუზიურად ხიდაშელის კომპანიაზე მორგებული სალიცენზიო პირობები დაამტკიცა.
ჩვენ - პარტია „ხალხისთვის“ ახლა, იმისთვის ვიბრძვით, რომ ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი რესურსების თვითნებურად განკარგვა არ დავუშვათ, რადგან ეს არაკონსტიტუციურია. ჩვენ, რაჭის ტყეების გადაცემასთან დაკავშირებით, ყველა დეტალურ ინფორმაციას ვითხოვთ და ვიბრძოლებთ ბოლომდე, რათა ეს განკარგულება გაუქმდეს“, - აცხადებს ანა დოლიძე.