დღეს, 18 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა საზოგადოებას ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებას გააცნობს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, კითხვები დაუსვან ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს.
“პირდაპირი ეთერი ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდსა და ფეისბუქზე - 12:00 საათზე დაიწყება. ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი იკრიბება კვარტალში ერთხელ და იღებს გადაწყვეტილებას მაკროპრუდენციული პოლიტიკის შესახებ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
შესაბამისად, დღესვე გახდება ცნობილი გაზრდის თუ არა ეროვნული ბანკი სამომხმარებლო სესხების ვადიანობას. შეგახსენებთ, რომ ნათია თურნავა 2 დღის წინ შეხვდა საბანკო სექტორის წარმომდგენლებს, სადაც განიხილეს მათ შორის სესხების ვადიანობის საკითხიც. ცნობისთვის, 2022 წლის აგვისტოში არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადიანობა, რაც 4 წლით იყო განსაზღვრული, 3 წლამდე შემცირდა.
შეგახსენებთ, რომ ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი 27 სექტემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა მაშინ სხდომა რამდენიმე კვირით გადაიდო.