"ილიაუნის ბიზნეს ინკუბატორი" აბიტურიენტებისთვის კონკურსს ატარებს

"ილიაუნის ბიზნეს ინკუბატორი" აბიტურიენტებისთვის ორიგინალური ბიზნესიდეების კონკურსს ატარებს. როგორც ილიაუნის უნივერსიტეტში აცხადებენ, კონკურსში გამარჯვებული ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში (Freie Universität Berlin) გაემგზავრება, ესტუმრება ბერლინის ბიზნესინკუბატორს და გაიცნობს საუკეთესო "სტარტაპ" - იდეებს, რათა საკუთარი პროექტი უფრო ღრმად განავითაროს.

უნივერსიტეტის განცხადებით, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მეთორმეტეკლასელს, რომელიც კარგად ფლობს ინგლისურ ენას, ამჟამად არის აბიტურიენტი და გეგმავს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებას. "მონაწილეობის მისაღებად საჭიროა ბიზნესიდეის, ბიზნესგეგმის ჩამოყალიბება (კრიტერიუმები იხილეთ აქ) ინგლისურ ენაზე და PDF ფორმატით გადაგზავნა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: contest@iliauni.edu.ge. ბიზნესიდეის გამოგზავნის ბოლო ვადაა 25 მაისი", - აცხადებენ უნივერსიტეტში.

მათივე თქმით, 1-ლი ივნისიდან დაიწყება "სტარტაპ"-კვირეული - ნახევარფინალი, რომლის ფარგლებში არჩეულ კონკურსანტებს ექნებათ საშუალება, გაიარონ კონსულტაცია ბიზნესმენტორებთან, მარკეტოლოგებთან და სხვადასხვა დარგის ექსპერტებთან. 15 ივნისს ფინალში გადასული მონაწილეები საპატიო ჟიურის წინაშე წარადგენენ საკუთარი პროექტების პრეზენტაციას ინგლისურ ენაზე.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად. პირველ ეტაპზე საჭიროა ბიზნესგეგმის ჩამოყალიბება (კრიტერიუმების დაცვით) და გადმოგზავნა ელექტრონულ მისამართზე contest@iliauni.edu.ge. მეორე ეტაპზე გადასული კონკურსანტები მიიღებენ მონაწილეობას "სტარტაპ"-კვირეულში, გაივლიან კონსულტაციას ბიზნესის სხვადასხვა სფეროში გამოცდილ მენტორებთან და დახვეწენ საკუთარ პროექტს. მეორე ეტაპის ბოლოს შეირჩევა კონკურსანტთა კონკრეტული რაოდენობა. მესამე ეტაპი ანუ ფინალი გაიმართება 15 ივნისს. შერჩეული კონკურსანტები ჩაატარებენ თავიანთი ბიზნესიდეების პრეზენტაციას და მათ შორის გამოვლინდება ერთი გამარჯვებული.

"I ადგილზე გასული მონაწილე გაემგზავრება ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში (Freie Universität Berlin), ჩაერთვება ბერლინის უნივერსიტეტის ინკუბატორში, Profund-ში, რაც დაეხმარება მას, განავითაროს საკუთარი ბიზნესიდეა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა ხელს შეუწყობს მას საკუთარი ბიზნესისთვის სპონსორების მოძიებაშიც. ფინალში გადასული ყველა მონაწილე დაჯილდოვდება სერტიფიკატით. გამარჯვებულმა უნდა ჩააბაროს ილიაუნის ბიზნესის სკოლაში და მხოლოდ ამის შემდეგ მოახერხებს ჯილდოს მიღებას. გადმოგზავნილი ბიზნესგეგმა უნდა აკმაყოფილებდეს მოცემულ კრიტერიუმებს. მონაწილე უნდა საუბრობდეს და წერდეს ინგლისურად გამართულად, მინიმუმ B2 დონეზე", - განმარტავენ უნივერსიტეტში.