რუსთავში, ცურტაველის მოედნიდან, ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელ ხიდამდე მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, საავტომობილო გზის ორივე მხარეს ქვაფენილის ტროტუარები, ველობილიკები, მწვანე ზონები, დაწნეხილი ბეტონის ბორდიურები და ახალი სანიაღვრე ქსელი მოეწყობა.
ინფორმაციის მიხედვით, ადგილზე მიმდინარე სამუშაოებს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ინფრასტრუქტურის სამსახურისა და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
რუსთავის მერის განცხადებით, სამუშაოების დასრულების შემდეგ, ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელი ხიდის მიმდებარე ტერიტორია, ვიზუალურად სრულიად განახლებულ იერსახეს შეიძენს.
„რუსთავის მერიამ მთავრობის გუნდის მხარდაჭერით, ქალაქში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დაიწყო. სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელ მონაკვეთზე. პროექტის დასრულების შემდეგ, ეს ტერიტორია მიიღებს სრულიად განახლებულ იერსახეს და მოსახლეობისათვის უფრო უსაფრთხო და კომფორტული გახდება“, - განაცხადა რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ.
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია 96 მეტრი სიგრძის საყრდენი კედლისა და მწვანე დასასვენებელი სივრცეების მოწყობა, სადაც თეთრი ქვის მაგიდები და სკამები განთავსდება. ტერიტორიაზე 1426 ძირი ბუჩქოვანი ხე-მცენარე დაირგვება, დამონტაჟდება გარე განათების ახალი სისტემა, მოეწყობა დეკორატიული სანათები.
მათივე ცნობით, პროექტი, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1 787 438 ლარია.