თურნავა: სავალუტო ბაზარს ფუნდამენტური პრობლემა არ აქვს - რატომ ყიდის ეროვნული ბანკი რეზერვებს

"სავალუტო ბაზარს ფუნდამენტური პრობლემა არ აქვს" - ამის შესახებ ნათია თურნავამ ფინანსური სტაბილურობის სხდომის დამთავრების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, სებ-მა აგვისტოს ჩათვლით დაახლოებით მილიარდ-ნახევარი დოლარის საერთაშორისო სავალუტო რეზერვი შეიძინა, ბოლო დროს კი ჯამში 150 მილიონი დოლარი გაყიდა.

მისივე განმარტებით, დოლარის გაყიდვა საჭირო გახდა პანიკის შემქმნელი პოლიტიკური მოწოდებების გასანეიტრალებლად.

„ერთჯერადი ფაქტორი იყო პოლიტიკური მოწოდებები სხვადასხვა მხრიდან, პანიკის შემქმნელი მოწოდებები მოსახლეობის მიმართ, რომ ჩამოგვექცა საფინანსო სისტემა, ეროვნული ბანკი და არიქა გაიტანეთ დეპოზიტები. ეს მავნებლობა იყო, მინდა გითხრათ და რა თქმა უნდა, ასეთ დროს ჩვენი ვალდებულებაა, რომ გავანეიტრალოთ ასეთი ცრუ და მავნებლური მოწოდებების ეფექტი საფინანსო ბაზარზე.

ასევე, უფრო მეტად შეიძლება ერთჯერადი ტრანზაქციებით იყოს გამოწვეული - როდესაც მსხვილი ტრანზაქციაა ბაზარზე ან დივიდენდებთან დაკავშირებული ან რაიმე სხვასთან, ამ დროს არ გვინდა, რომ ბაზარმა და ეკონომიკამ იგრძნოს მსხვილი რყევა, რომელიც რეალურად არ შეესაბამება ფუნდამენტური ფაქტორების მდგომარეობას“, - თქვა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, გუშინ ეროვნულმა ბანკმა მორიგი სავალუტო აუქციონი გამართა, რომელზეც 40 მლნ დოლარი გაიყიდა. ეს 20 სექტემბრის შემდეგ რიგით მეხუთე სავალუტო ინტერვენციაა. ჯამში ამ ხუთ აუქციონზე ცენტრალურმა ბანკმა 149.6 მლნ დოლარი გაყიდა.

აღსანიშნავია, რომ სანქციების აღსრულების წესში ცვლილების შეტანის შემდეგ, რის ფონზეც ლარი მკვეთრად გაუფასურდა, სებ-მა ინტერვენციები გაააქტიურა.

თამარ მუკბანიანი