კრიშტიანო რონალდუ მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია

მადრიდის ”რეალის” პორტუგალიელი ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდუ მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად დასახელდა.

”ფორბსის ინფორმაციით, გასულ წელს კრიშტიანო რონალდუს წლიურმა შემოსავალმა ხელფასის, ბონუსებისა და სხვადასხვა რეკლამაში გადაღების სანაცვლოდ მიღებულმა ანაზღაურებამ 79 მილიონი დოლარი შეადგინა. ამერიკული გამოცემის ცნობით, ამ მაჩვენებლით კრიშტიანო რონალდუ არა მხოლოდ მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია, არამედ ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი.

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების რეიტინგში მეორე ადგილი ერგო ”ბარსელონას” თავდამსხმელს, მსოფლიოს ოთხგზის საუკეთესო ფეხბურთელს ლეო მესის. არგენტინელმა ფეხბურთელმა გასულ წელს 70,5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

რეიტინგში მესამე ადგილი ერგო ფრანგული ”პარი სენ ჟერმენის” შვედ თავდამსხმელს ზლატან იბრაჰიმოვიჩს, რომელმაც რონალდუსგან და მესისგან განსხვავებით, გაცილებით ნაკლები - 41,8 მილიონი დოლარი გამოიმუშავა გასულ წელს.

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების ათეულში ასევე მოხვდნენ გარეტ ბეილი - 34,9 მილიონი დოლარი, ნეიმარი - 31,7 მილიონი დოლარი, რადამელ ფალკაო - 31 მილიონი დოლარი, უეინ რუნი - 25,8 მილიონი დოლარი, ჯეიმს როდრიგესი - 25,4 მილიონი დოლარი, სერხიო აგუერო - 25,3 მილიონი დოლარი და ლუის სუარესი - 19,9 მილიონი დოლარი.