გერმანული BMW (Bayerische Motoren Werke) 2024 წლიდან მომხმარებლებზე ავტომობილების პირდაპირ გაყიდვებს იწყებს. ამის შესახებ კომპანიის პრესრელიზში წერია.
კერძოდ, 1-ლი იანვრიდან რეალიზაციის ახალი მოდელი ბრენდ Mini-ის იტალიაში, პოლონეთსა და შვედეთში შეეხება, ხოლო ეს პრაქტიკა თანდათან მთელ ევროპაში გავრცელდება.
კომპანია აცხადებს, რომ BMW Group-ის ყველა ახალი ავტომობილი ევროპაში სააგენტოს მოდელით გაიყიდება. საცალო მოვაჭრეები მომხმარებლებისთვის საკონტაქტო პუნქტებად დარჩებიან და თითოეული გაყიდული მანქანიდან ფიქსირებულ საკომისიოს მიიღებენ.
„გაყიდვების ახალი მოდელი სარგებელს მოუტანს როგორც მომხმარებელს, ასევე, საცალო პარტნიორებსა და BMW Group-ს,“ - წერია პრესრელიზში.
კომპანიის შეფასებით, „ავტომობილების ერთნაირი მოდელის სტანდარტული ფასები ერთსა და იმავე ქვეყანაში მომხმარებლებისთვის ფასების გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.“ ამასთან, რეალიზაციის სააგენტოს მოდელზე გადასვლის ფარგლებში, BMW Group მთელ პროცესს ციფრულს გახდის, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს, ონლაინ და ოფლაინ შესყიდვებს შორის არჩევანი გააკეთოს.
„ეს ყველაფერი ერთიანი, გამჭოლი IT-ინფრასტრუქტურისა და ნაცნობ საცალო ქსელზე სრული წვდომის შედეგად იქნება შესაძლებელი, რომლის წევრებიც ერთმანეთთან მჭიდროდ არიან დაკავშირებული,“ - აცხადებს BMW.
ცნობისთვის: მომხმარებლისთვის პირდაპირი გაყიდვების მოდელს ამერიკული Tesla იყენებს. Deloitte-ის კვლევამ აჩვენა, რომ მყიდველთა 60%-ს სურს, მთლიანად აუაროს გვერდი დილერებს და ავტომობილი ონლაინ პირდაპირ მწარმოებლისგან შეიძინოს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ