ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, სამომხმარებლო სესხების ვადიანობა 3-დან 4 წლამდე გაიზარდა. სებ-ის გუშინდელი გადაწყვეტილებით, აღნიშნული ცვლილება მიმდინარე წლის 1-ლი ნოემბრიდან ამოქმედდება.
როგორც ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ძნელაძემ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განმარტა, ცვლილება შეეხო უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებსაც. კერძოდ, მინიმალური ზღვარი გაიზარდა 200 000-დან 300 000 ლარამდე, თუმცა იმ პირებისთვის, რომელთაც უცხოურ ვალუტაში აქვთ შემოსავალი, სესხის აღებას ამავე ვალუტაში იქნება შესაძლებელი.
„პირველ გადაწყვეტილება ეხებოდა, არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების ვადის 3-დან 4 წლამდე გაზრდას, რასაც ველოდებოდით, რომ ზაფხულში გაიზრდებოდა ეს ვადა. როდესაც ეს შეზღუდვა დაწესდა, მაშინვე ითქვა, რომ ეს არის დროებით და ერთწლიანი ვადა ექნებოდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნულმა შეზღუდვამ იმოქმედა 6 თვის განმავლობაში, კერძოდ, მკვეთრად შეამცირა და შეაფერხა სამომხმარებლო სესხის ზრდის ტემპები, მაგრამ 6 თვის შემდეგ, მომხმარებლებმა შეძლეს გადაწყობა, არსებული ვალდებულებების ისე გადალაგება, რომ კვლავ ესარგებლათ ახალი სესხით. დღეს ამ ვადის 4 წლამდე გაზრდა მომხმარებლებისთვის იქნება უფრო ტექნიკურ ნაწილში შემსუბუქება, მათ აღარ მოუწევთ სხვადასხვა ოპერაციების ჩატარება. პირველი 1-2 თვის განმავლობაში შესაძლებელია, გარკვეული აქტივობა მაინც გამოიწვიოს. თუმცა, მიუხედავად ამისა, საკრედიტო აქტივობის მკვეთრი შემცირება (იმ ფონზე, როდესაც ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელია საქართველოში და ამ კუთხით უფრო მაღალი აქტივობა იყო ხოლმე საკრედიტო პორტფელის ზრდის კუთხით) ამ პერიოდში უფრო დაბალია აქტივობა და ამის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი არის მაღალი საპროცენტო განაკვეთები, რომელიც როგორც უცხოურ ვალუტაში, ისე ლარში ფიქსირდება.
ცალსახაა, რომ გარკვეული მსესხებლებს საკრედიტო ტევადობის მოცულობა, ანუ მათ სესხების მოთხოვნის მოცულობა აუცილებლად გაიზრდება, რაც გარკვეულწილად ეფექტს იქონიებს, მაგრამ ეს არ იქნება გრძელვადიანი. ამას ექნება 1-2 თვის განმავლობაში ეფექტი.
რაც შეეხება უცხოურ ვალუტაში სესხებს, მინიმალური ზღვარი გაიზარდა 300 000 ლარამდე. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ აქამდე ვალდებულებების ჯამური ოდენობა არ აჭარბებდა 200 000 ლარს, თქვენ ვერ აიღებდით სესხს უცხოურ ვალუტაში, ვერცერთ შემთხვევაში, ეს ზღვარი ახლა გაიზარდა 300 000 ლარამდე, მაგრამ აქვე, შევიდა გარკვეულწილად შემსუბუქება, რომელიც გულისხმობს იმას, რომ უცხოურ ვალუტაში ვისაც ექნება შემოსავალი, მათთვის ხელმისაწვდომობა უცხოურ ვალუტაში სესხზე, უფრო შემსუბუქდა. ანუ, თუ თქვენ შემოსავალი გიფიქსირდებათ უცხოურ ვალუტაში, იმავე ვალუტაში შეძლებთ სესხის აღებას“,- განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.