აქციის მონაწილეებმა ენერგეტიკის სამინისტროს მოუწოდეს, არ დაუშვას ტარიფის გაზრდა

ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის წარმომადგენლებმა ენერგეტიკის სამინისტროსთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები სამინისტროსთან პლაკატებით - "რატომ ძვირდება ტარიფები", "სირცხვილი მატყუარა და კორუმპირებულ ხელისუფლებას", მივიდნენ.

აქციის მონაწილეებმა ენერგეტიკის სამინისტროს წინ ე.წ. სირცხვილის კორიდორი გააკეთეს და ხელისუფლებას მოუწოდეს, ლარის გაუფასურების გამო ტარიფების გაზრდა არ დაუშვას. ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის წარმომადგენლის ნიკა მემანიშვილის განცხადებით, ტარიფების გაზრდის შემთხვევაში პასუხისმგებლობას ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძეს დააკისრებენ და სამინისტროს შენობის წინ კარვებს გაშლიან.

"სირცხვილის კორიდორი არის იმის მანიშნებელი, რომ ხელისუფლება ხალხის დანაპირებს არ ასრულებს. მოვუწოდებთ ენერგეტიკის სამინისტროს, ისედაც გაჭირვებულ მდგომარეობაში მყოფი ხალხი უარეს მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს. ასევე, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეასრულოს დანაპირები და არ გაზარდოს ტარიფები. წინააღმდეგ შემთხვევაში სამინისტროს შენობის წინ კარვებსაც გავშლით და საზოგადოება თავის სათქმელს იტყვის", - აღნიშნა ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის წარმომადგენელმა ლექსო კობაიძემ.