საქართველოს პრეზიდენტმა კომპანია "კნაუფის" წარმომადგენლები მიიღო

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკის ყოფილ მინისტრს და კომპანია "კნაუფის" წარმომადგენელს მიხაელ გლოსს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და გერმანიას შორის წარმატებული ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე გერმანული ინვესტიციების შესახებ. შეხვედრისას აღინიშნა კომპანია "კნაუფის", როგორც ერთ-ერთი წარმატებული მაგალითის შესახებ.

მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება გერმანული ინვესტიციების რიცხვი ჩვენს ქვეყანაში.

შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოადგილე, მრჩეველი ეკონომიკურ საკთხებში გიორგი აბაშიშვილი და საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი - საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, ასევე კომპანია "კნაუფის" საქართველოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.