ევროკომისია „ოქროს პასპორტების“ გამო კარიბის ზღვის ქვეყნებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას მოითხოვს

ევროკომისია უვიზო რეჟიმის პირობებს გადახედავს, რადგან კარიბის ზღვის ქვეყნები „ოქროს პასპორტების“ ფართომასშტაბიან გაცემას განაგრძობენ, მათ მოქალაქეებს კი ევროკავშირში უვიზოდ შესვლა შეუძლიათ. ინფორმაციას The Guardian ევროკომისიის ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს.

ანგარიშში წერია, რომ დომინიკის სახელმწიფოს, რომლის მოსახლეობაც სულ რაღაც 70 000 ადამიანია, ინვესტიციის სანაცვლოდ 34 000-ზე მეტი პასპორტი აქვს გაცემული, ხოლო 48 000 მოსახლეობის მქონე სახელმწიფო სენტ-კიტსი და ნევისმა 36 000-ზე მეტი პასპორტი გასცა. მთლიანობაში, კარიბის ზღვის ხუთმა ქვეყანამ, დომინიკამ, სენტ-კიტსი და ნევისმა, გრენადამ, ანტიგუა და ბარბუდამ და სენტ ლუსიამ ინვესტორებს 88 000 „ოქროს პასპორტი“ მიანიჭა. ისინი, ძრითადად, რუსეთის, ჩინეთის, სირიის, ირანის, ერაყის, იემენის, ნიგერისა და ლიბიის მოქალაქეები იყვნენ, მაშინ, როცა 2022 წლის მარტში კარიბის ზღვის ხუთივე ქვეყანამ უკრაინის ომის დაწყების საპასუხოდ გამოაცხადა, რომ რუსებისა და ბელარუსების განაცხადების განხილვას შეაჩერებდა.

ევროკომისია შენიშნავს, რომ კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში მოქალაქეობის ღირებულება სულ რაღაც 100 000 დოლარიდან იწყება, ხოლო დომინიკის პასპორტის ასაღებად საცხოვრებლის ქონა ან ქვეყანაში ჩასვლა არც კი არის საჭირო. ამასთან, ანგარიშში წერია, რომ დომინიკაში, ასევე, სენტ-კიტსი და ნევისში მოქალაქეობის გაცემაზე უარყოფითი პასუხის პროცენტული მაჩვენებელი „უკიდურესად დაბალი,” ანუ 3%-დან 6%-მდეა. მეტად ხანმოკლეა მოქალაქეობის გაფორმების დროც და ზოგიერთ შემთხვევაში მხოლოდ ორ თვეს მოიცავს.

ევროკომისიის შეშფოთებას ის იწვევს, რომ კარიბის ზღვის რამდენიმე სახელმწიფოს მოქალაქეებს საშუალება აქვთ, ევროკავშირის უმეტეს ქვეყნებში წელიწადში 90 დღე დარჩნენ უვიზოდ, რასაც ევროკავშირთან 2015 წელს გაფორმებული უვიზო მიმოსვლის შეთანხმება ითვალისწინებს. სენტ-კიტსი და ნევისმა ეს შეთანხმება ჯერ კიდევ 2009 წელს გააფორმა. ევროპელი ოფიციალური პირები, ასევე, შენიშნავენ, რომ მოქალაქეობის მიმღებ პირებს დოკუმენტების შედგენის დროს სახელისა და ვინაობის შეცვლის უფლება აქვთ, რაც სასაზღვრო კონტროლის ეფექტურ მართვას, ასევე, ინტერპოლის მიერ გაცემული სანქციების ან დაპატიმრების ორდერის აღსრულებას ართულებს.

ევროკომისია შეშფოთებულია, რომ „ოქროს პასპორტების“ გაცემის სქემა შესაძლოა, მის საზღვრებში „ორგანიზებული დანაშაულის“ შეღწევის მიზეზი გახდეს. ასევე, ხელი შეუწყოს ბლოკის ტერიტორიაზე „ფულის გათეთრების სქემებს, გადასახადებისგან თავის არიდებასა და კორუფციას.“

„ევროკავშირში უვიზო შესვლა არ უნდა იქცეს პროდუქტად, რომლის ყიდვა და გაყიდვა არის შესაძლებელი,“ - წერია ანგარიშში.

ევროკომისია ევროპარლამენტს მიმართავს წინადადებით, ევროკავშირში შესვლის წესი გადაიხედოს და უვიზო რეჟიმი შეუჩერდეთ სახელმწიფოებს, რომლებიც მოქალაქეობას ანიჭებენ მათ, ვისაც ამ სახელმწიფოებთან „რეალური კავშირი“ არ აქვთ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ