ქეთევან ბოჭორიშვილმა სინგაპურის საერთაშორისო სააგენტოს დელეგაცია მიიღო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ქეთევან ბოჭორიშვილმა სინგაპურის საერთაშორისო მეწარმეობის სააგენტოს (International Enterprise Singapore) დელეგაციის წარმომადგენლები მიიღო, რომლებიც საქართველოში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში იმყოფებიან.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ქეთევან ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე საერთაშორისო მეწარმეობის სააგენტოს სტამბოლის ფილიალის დირექტორი მაბელ ნეო და ევროპის მიმართულების ჯგუფის ხელმძღვანელი ანა ჰო იმყოფებოდნენ. მხარეებმა ორმხრივი ვაჭრობისა და ინვესტიციების მიმართულებით საქართველოსა და სინგაპურს შორის ურთიერთობის გაღრმავებზე ისაუბრეს. აღნიშნეს, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა" და სინგაპურის საერთაშორისო მეწარმეობის სააგენტოს შორის ერთობლივი პროგრამები განხორციელდება. შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ საქართველოში შედგება სინგაპურის წარმომადგენლობითი ბიზნეს-დელეგაციის ვიზიტი ადგილობრივი ბიზნეს-შესაძლებლობების გასაცნობად.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სინგაპურის საერთაშორისო მეწარმეობის სააგენტო ქართულ მხარეს დაეხმარება სინგაპურში საქართველოს ცნობადობის ამაღლებისა და ექსპორტის ხელშეწყობის საკითხებში. მათ შორის, სურსათის და სასმელების ექსპორტის, აგრეთვე ტურიზმის მიმართულებით.

სინგაპურის საერთაშორისო მეწარმეობის სააგენტო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს იდენტური პროფილის საჯარო უწყებაა, რომელიც კონცენტრირებულია საგარეო ეკონომიკის მიმართულებაზე და ხელს უწყობს საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებას. ამავდროულად, ორიენტირებულია ინვესტორების მოზიდვასა და ადგილობრივი, მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისების საშუალებით კონკურენტუნარიანი კომპანიების ჩამოყალიბებაზე.