რა შენიშვნები აქვს აუდიტის სამსახურს საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ

აუდიტის სამსახურმა ,,საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ’’ საქართველოს კანონის პროექტის ანალიზი და შენიშვნები გამოაქვეყნა.

2024 წლის რეალური მშპ-ს ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 5.2%-ის დონეზეა განსაზღვრული.

2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტით შემოსულობები 23.9 მლრდ ლარს, ხოლო გადასახდელები 24.2 მლრდ ლარს შეადგენს და 2023 წლის გეგმასთან შედარებით ორივე იზრდება, შესაბამისად, 1.7 მლრდ და 1.8 მლრდ ლარით. შემოსულობების ზრდა ძირითადად განპირობებულია „შემოსავლების“ მუხლის 1.6 მლრდ ლარით ზრდით, ხოლო გადასახდელების - „ხარჯების“ მუხლის 1.5 მლრდ ლარით ზრდით.

,,ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ შენიშვნებს, რომელიც აუდიტმა 2024 წლის ბიუჯეტის დასკვნაში ჩაწერა:

  • ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, სამთავრობო სექტორს მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების ბიუჯეტის მაჩვენებლები, აგრეგატულ დონეზე ასახულია 2024 წლის ერთიანი ბიუჯეტის პარამეტრებში. თუმცა კანონპროექტს არ ახლავს საწარმოების მიერ მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების შესახებ ინფორმაციის დანართი, რაც საბიუჯეტო კოდექსის მოთხოვნაა;
  • ორგანული კანონით განსაზღვრული 60%-იანი ნიშნულის ფარგლებშია პროგნოზირებული ვალის წესის მიზნებისთვის დათვლილი მაჩვენებელიც, რომელიც 38.3%-ს უტოლდება;
  • ვალის წესის მაჩვენებელში გათვალისწინებულია სამთავრობო სექტორის საწარმოების ვალდებულებები. თუმცა, საყურადღებოა, რომ აღნიშნული საწარმოების მიერ სესხის აღებასთან დაკავშირებული უფლებამოსილებისა და პასუხისმგებლობის საკითხები ამ დრომდე კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის. მთავრობის ვალის მდგრადობის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია, სამთავრობო სექტორად დაკლასიფიცირებული საწარმოების მიერ ვალის აღების შესაძლებლობები დარეგულირდეს საკანონმდებლო დონეზე;
  • კანონპროექტზე თანდართულ „ფისკალური რისკების ანალიზის“ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაცია სახელმწიფო საწარმოების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსების შესახებ არ მოიცავს „სხვა ხარჯების“ მუხლიდან მიღებული დაფინანსების შესახებ მონაცემებს;
  • ასევე, სახელმწიფო მმართველობის სექტორად დაკლასიფიცირებული საწარმოები და სახელმწიფო კორპორაციები განსხვავებული ფორმით წარმოქმნიან ფისკალურ რისკებს. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია, „ფისკალური რისკების ანალიზის“ დოკუმენტში ერთმანეთისგან გამიჯნულად იქნეს გაანალიზებული საწარმოთა ამ ორი ჯგუფის ფინანსური მაჩვენებლები;
  • „ფისკალური რისკების ანალიზის“ დოკუმენტში განხილულია ელექტროენერგიის შესყიდვის კონტრაქტებთან დაკავშირებული პოტენციური რისკები და დანახარჯები, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია საჭიროებს შემდგომ ხარისხობრივ გაუმჯობესებას და დეტალიზებას;
  • „ფისკალური რისკების ანალიზის“ დოკუმენტის წარმოდგენილ ვერსიაში არ არის ასახული ინფორმაცია სასამართლო დავებიდან მომდინარე რისკების, გრძელვადიანი ფისკალური რისკებისა და სახელმწიფო საწარმოების ფინანსური მაჩვენებლების სენსიტიურობის ანალიზის შესახებ;
  • მიუხედავად პროგრესისა, პროგრამული ბიუჯეტი ჯერ კიდევ არ წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის ნაწილს და სისტემური ხარვეზებით ხასიათდება. ამ კუთხით საყურადღებოა, პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში მოსალოდნელი შედეგების გამართულობა, შედეგების შეფასების ინდიკატორების ხარისხი, მათ შორის ცხადი სამიზნე მაჩვენებლების არსებობა და ცდომილების ალბათობისა და შესაძლო რისკების განსაზღვრა;
  • საყურადღებოა, რომ ბოლო წლებში ცვლადი საპროცენტო განაკვეთის მქონე სესხების წილი მთავრობის საგარეო ვალში მზარდი ტენდენციით ხასიათდება და 2023 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით 49%-ს შეადგენს. ვალის პორტფელში აღნიშნული ტიპის სესხების მაღალი წილი, მონეტარული პოლიტიკის გლობალური გამკაცრების პირობებში, ვალის მომსახურების (პროცენტის) ხარჯის ზრდას იწვევს;
  • მთავრობის ვალის მომსახურების ხარჯების ზრდადი ტენდენციის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, მთავრობის ვალის მართვის განახლებულ სტრატეგიაში აისახოს ვალის მომსახურების ხარჯების შეფასების ინდიკატორ(ებ)ი და სტრატეგიით განსაზღვრული მიზნობრივი მაჩვენებლების პოტენციური გავლენის შეფასება ამ ინდიკატორ(ებ)ზე.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, გარდა დასკვნაში მოცემული შენიშვნებისა, „2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი სათანადოდ არის მომზადებული არსებული დაშვებების საფუძველზე, შესაძლებელია შეფასდეს საფუძვლიანად და კანონიერად მოქმედი ნორმატიული ბაზის გათვალისწინებით.

თამარ მუკბანიანი