საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის ელექტრონული სავაჭრო პლატფორმის შეძენა 1 412 700 ევრო დაუჯდება, სხვადასხვა კომერციული მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები კი 200 000 ევრო. ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული გამარტივებული შესყიდვიდან ხდება ცნობილი.
ბირჟის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ზურაბ გალდავას მიერ წარდგენილი განაცხადის თანახმად, საქართველო ამ სერვისს ევროპული სავაჭრო პლატფორმა Nord Pool-ისგან შეიძენს.
განაცხადის თანახმად, ბირჟის ამოქმედების გადავადების გამო, საბოლოოდ მომსახურების მიღების საფასური შესყიდვის თავდაპირველ ღირებულებასთან შედარებით გაიზარდა და 1 412 700 ევრო შეადგინა.
“საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 ივნისის #239 დადგენილებით კვლავ შეიცვალა დღით ადრე და დღიურ ბაზრების ამოქმედების ვადა და მან გადაიწია 1 წლით, 2024 წლის 1 ივლისამდე. ბაზრის ამოქმედების ვადების ცვლილების გათვალისწინებით, "ნორდ პულმა" 2023 წლის 6 ოქტომბრის წერილით სენბის წარუდგინა ფასის ახალი წინადადება, რომელშიც აღწერილია დღით ადრე და დღიური ბაზრების მომსახურების ახალი პირობები. ახალი შეთავაზების მიხედვით, დღით ადრე და დღიური ბაზრების რეალური ოპერირების მომსახურების ღირებულება შეადგენს 1,412,700 ევროს, მათ შორის საკონსულტაციო მომსახურება - 24 000 ევრო. გარდა ამისა, აღნიშნული წერილის მიხედვით, მათ შორის, ძირითადი მომსახურების მიღების დასრულების ბოლო შესაძლო ვადად განსაზღვრულია 2028 წლის 30 აპრილი. ამავდროულად, ნორდ პულმა 2023 წლის 6 ოქტომბრის წერილით სენბის აცნობა, რომ იმის გათვალისწინებით, რომ პლატფორმა ვაჭრობის ორგანიზებისათვის არის ხელმისაწვდომი, მიუხედავად იმისა, მოხდება თუ არა დღით ადრე ან/და დღიური ბაზრების რეალური ამოქმედება, 2025 წლის 1 მაისს შემდეგ გამოცხადდება ე.წ. ბაზრების ტექნიკური გაშვება, რაც გულისხმობს, რომ ნორდ პული დაიწყებს მომსახურების საფასურის დაკისრებას, მიუხედავად იმისა, რომ რეალურ პლატფორმაზე შესაძლოა არ მიმდინარეობდეს კომერციული მიზნით ვაჭრობა. ყველაზე ხარჯ-ეფექტიანი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, მომსახურების მიღების პერიოდის განსაზღვრა უნდა მოხდეს ფასის წერილის შესაბამისად - დღით ადრე ან/და დღიური ბაზრის ამოქმედებიდან 3 წელი, მაგრამ არაუგვიანეს 2028 წლის 30 აპრილისა. თუ დღით ადრე ან/და დღიური ბაზრები გაეშვება 2025 წლის 30 აპრილამდე, რეალური პლატფორმის მომსახურება დაიწყება გაშვების თარიღიდან და გაგრძელდება მომდევნო სამი წლის განმავლობაში, გარდა ამისა, დღით ადრე ან/და დღიური ბაზრების გაშვების თარიღიდანვე შეწყდება სენბისთვის სატესტო რეჟიმით სარგებლობის მომსახურების საფასურის დაკისრება. სენბიმ ნორდ პულის 2023 წლის 6 ოქტომბრის შეთავაზების შესაბამისად ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომლის 2023 წლის 18 ოქტომბრის # 24/10140 წერილით ეცნობა, რომ კომპეტენციის ფარგლებში, არ არის წინააღმდეგი, სს "საქართველოს ენერგეტიკულმა ბირჟამ" დადოს განახლებული თანამშრომლობის შეთანხმება "ნორდ პულთან", - აღნიშნულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ამასთან, ბიზნესთან დაკავშირებული სხვადასხვა მომსახურება, კერძოდ კი „დღით ადრე და დღიური ბაზრების სატესტო რეჟიმში ფუნქციონირება“ საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟას 200 000 ევრო დაუჯდება. შესყიდვების სააგენტოზე ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ დღით ადრე და დღიური ბაზრების სატესტო რეჟიმში ფუნქციონირება წარმოადგენს კონცეფციით გათვალისწინებულ ვადებში ორივე ბაზრის შეუფერხებლად გაშვების აუცილებელ წინაპირობას.
„დღით ადრე და დღიური ბაზრების სატესტო რეჟიმში მუშაობა გათვალისწინებულია 2024 წლის 1 ივლისიდან არაუგვიანეს 2025 აპრილის ჩათვლით, თუმცა, სატესტო რეჟიმის მომსახურების მიღება შეწყდება უფრო ადრე, დღით ადრე ან/და დღიური ბაზრების გაშვების მომენტში, თუ მოხდება ამ ბაზრების გაშვება 2025 წლის მაისამდე.
დღით ადრე და დღიური ბაზრების სატესტო რეჟიმში მუშაობის მომსახურების/ლიცენზიის ოდენობა 2024 წლის 1 ივლისიდან 2025 წლის 30 აპრილის ჩათვლით შეადგენს 200 000 (ორასი ათასი) ევროს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის მიერ დღით ადრე და დღიური ბაზრების სატესტო რეჟიმში მუშაობის მომსახურების მიღება უკვე 3 წელია ხდება Nord Pool-ისგან. შესაბამისად, ჩატარებულია ის აუცილებელი სამუშაოები, რაც უზრუნველყოფს სატესტო რეჟიმის უწყვეტად მიმდინარეობას.
შეგახსენებთ, რომ "საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა" დაფუძნდა 2019 წლის 4 დეკემბერს, სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა" და სს "ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის" მიერ. თავდაპირველად იყო საუბარი, რომ ქვეყანაში ენერგეტიკული ბირჟა 2021 წლის ივლისიდან დაიწყებდა სრულფასოვან ფუნქციონირებას, თუმცა მთავრობამ ის უკვე 6-ჯერ გადაავადა, ბოლოს 1-ელ ივლისს, თანაც ერთი წლით.
უკვე 12 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ენერგეტიკული ბირჟის დირექტორმა, ირინა მილორავამ თანამდებობა დატოვა. როგორც მაშინ მან მედიასთან განმარტა, ეს გადაწყვეტილება ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების ერთი წლით გადავადებას არ უკავშირდება.