საქართველოს დედაქალაქი ბაქოს ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტის ყველაზე პოპულარული მიმართლებების ხუთეულშია და მეოთხე ადგილს იკავებს. ინფორმაციას სააგენტო Trend აეროპორტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
წლის პირველ 9 თვეში ბაქო-თბილისი-ბაქოს რეისით 222,428 მგზავრი იქნა გადაყვანილი. რეგულარულ რეისებს აზერბაიჯანის ნაციონალური ავიახაზები, ანუ AZAL და ქართული Georgian Wings ასრულებს. AZAL ბაქო-თბილისი-ბაქოს რეისებს დღეში ორჯერ ასრულებს, ქართულმა ავიაკომპანია Georgian Wings-მა კი რეგულარული ფრენების სიხშირე კვირაში 5-ჯერ გაზარდა. ამ მიმართულებით Georgian Wings რეისებს ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს, შაბათს და კვირას ასრულებს.
ბაქოდან ყველაზე პოპულარული მიმართულება სტამბოლია. 9 თვეში ბაქო-სტამბოლი-ბაქოს მარშრუტზე 745,414 მგზავრი იქნა გადაყვანილი. ამ მიმართულებაზე ბაქოდან ავიაკომპანიები, AZAL, Turkish Airlines, AnadoluJet და Pegasus დაფრინავენ.
მეორე ყველაზე პოპულარული მიმართულება რუსეთის დედაქალაქი, მოსკოვია, სადაც 509,884 მგზავრი იქნა გადაყვანილი. ბაქოდან მოსკოვის დომოდედოვოს, ვნუკოვოსა და შერემეტევოს აეროპორტებში ფრენებს ავიაკომპანიები, AZAL, „აეროფლოტი,“ Utair და „ირაერო“ ასრულებენ.
მესამე ადგილზე არაბთა გაერთიანებული საემიროებია. მგზავრები დუბაიში AZAL-ითა და flydubai-ით დაფრინავენ. მიმდინარე წლის 9 თვეში ამ მიმართულებით 224,312 მგზავრი იქნა გადაყვანილი. აქედან უმეტესობა, კერძოდ, 120 831 მგზავრი ბაქო-აბუ დაბი-ბაქოს რეისს ირჩევს, რომელიც პოპულარობით მეოთხე ადგილზე მყოფ თბილისის მიმართულებას მოსდევს და მეხუთე პოზიციაზეა. აბუ დაბის მიმართულებით ფრენებს Air Arabia Abu-Dhabi და Wizz Air Abu-Dhabi ასრულებენ.
მთლიანობაში, ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტში 39 უცხოური ავიაკომპანია დაფრინავს, საიდანაც 17 დაბალბიუჯეტიანია. ფრენები სულ 33 ქვეყანასა და 66 მიმართულებით სრულდება.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ