დავით სერგეენკო: მშპ-ის 1%-ის ჯანდაცვაში გადამისამართებას, ლარის კურსზე რაიმე სახის გავლენის მოხდენა არ შეეძლო

მშპ-ის 1%-ის ჯანდაცვაში გადამისამართებას, არანაირად არ შეეძლო, ლარის კურსზე რაიმე სახის გავლენა მოეხდინა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრი ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე საყოველთაო ჯანდაცვის პროექტის გავლენის შესახებ გამოთქმულ მოსაზრებებს გამოეხმაურა.  "ბოლო პერიოდში რამდენიმე ექსპერტული შეხედულება გაჟღერდა, რომ სწორედ საყოველთაო ჯანდაცვის გაზრდილმა ხარჯებმა გამოიწვია ლარის კურსის ცვლილება. ასევე მეორე პრეტენზია იყო ის, რომ სახელმწიფომ რატომ უნდა უმკურნალოს მათ, ვისათ თავად შეუძლია ამის გაკეთება. საყოველთაო დაზღვევა ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ზრუნავს იმაზე, რომ ქვეყანაში არსებობდეს სისტემა, როდესაც მოსახელობის 100% მინიმუმ საბაზო სამედიცინო მომსახურებით იქნება დაცული. საქართველოში ეს ასეც არის. სახელმწიფო ზრუნავს მოსახლეობის უმეტესობაზე, ხოლო 400 000 ადამიანი სარგებლობს კორპორატიული დაზღვევით. შესაბამისად, ისინი არ სარგებლობენ საყოველთაო ჯანდაცვით. ეს 400 000 ადამიანი არის უმეტესად ის საშუალო და შეძლებული ფენა, რომელზეც სახელმწიფო თანხას რეალურად არ ხარჯავს, ანუ ეს პარიტეტი ისედაც დაცულია. არანაირი საფუძველი არ არის იმის, რომ რიგითმა მოქალაქემ თქვას, რომ რატომ უნდა გადავიხადო ჩემი გადასახადები მდიდრების მკურნალობაშიო", - განაცხადა სერგეენკომ.

რაც შეეხება ჯანდაცვის მიმართულებით ბიუჯეტის ზრდას, დავით სერგეენკოს განცხადებით, მთლიანად სამინისტროს ბიუჯეტი ბოლო 2 წლის განმავლობაში მილიარდზე მეტით გაიზარდა. "ეს საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი თანხაა და ზოგჯერ აღნიშნავენ, რომ ეს თანხა ხმარდება მხოლოდ ჯანდაცვის პროექტებს, რაც რეალურად ასე არ არის. თუ 2012 წელს ჯანდაცვისთვის 280 მილიონი იყო გამოყოფილი, წელს არის 605 მილიონი, შესაბამისად, დაახლოებით, 325 მილიონით მოიმატა, ხოლო მილიარდზე მეტიდან დანარჩენი თანხა პენსიების ზრდას მოხმარდა. მე არ ვარ ეკონომისტი, თუმცა უბრალოდ მარტივ მოცემულობას მოგახსენებთ, თუ რამდენად შეეძლო 325 მილიონის ჯანდაცვაში გადამისამართებას კურსის მერყეობაზე გავლენა მოეხდინა. 325 მილიონი მთლიანი შიდა პროდუქტის 1%-ზე ცოტა მეტია. ამას ალბათ, ეკონომიკური ექსპერტიზა არ სჭირდება, ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტს შეეძლება ამის თქმა, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის 1%-ის გადამისამართებას ელიტის კომფორტის შექმნის ხარჯებიდან მოსახლეობის ჯანდაცვის ხარჯებზე, არანაირად არ შეეძლო ლარის კურსზე რაიმე სახის გავლენა მოეხდინა", - განაცხადა სერგეენკომ.