ამერიკული კომპანია ”ფრონტერა” საქართველოში გაზის ოპერაციების ისტორიულ წლისთავს აღნიშნავს

ამერიკული ნავთობისა და გაზის კომპანია "ფრონტერა რისორსიზ კორპორეიშნ" საქართველოში მის მიერ გაზის ოპერაციების წარმოების მნიშვნელოვან ეტაპს აღნიშნავს და საკუთარი საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს.

bpn.ge კომპანიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"საგარეჯოს რაიონში მდებარე მწარეხევის გაზის კომპლექსში 2014 წლის აპრილის თვეში გაზის ოპერაციების დაწყებიდან, ფრონტერამ წარმატებით გაიარა გაზის ოპერაციების წარმოების ერთი წელიწადი.

გასულ წელს "ფრონტერას" მიერ გაზის შემკრები, გადამამუშავებელი და ტრანსპორტირების 14-კილომეტრიანი ქსელის მონტაჟი დაგვირგვინდა ბურღვითი სამუშაოების შედეგად მიღწეული გაზის წარმოების დაწყებით. პირველად საქართველოს ისტორიაში ხორციელდება არათანმხლები გაზის ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე უწყვეტი მიწოდება. აღნიშნული ოპერაციები, მწარეხევის კომპლექსის ვრცელ ტექნიკური ანალიზთან ერთად, წარმოადგენს ახალ ისტორიულ ეტაპს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის გზაზე.

"ფრონტერას" მიერ მიმდინარე წელს დაგეგმილი 8 ჭაბურღილის ბურღვის პროგრამა ივნისის თვეში დაიწყება. ამასთან ერთად, ფრონტერა ახორციელებს 18 ჭაბურღილის კაპიტალური შეკეთების პროგრამას, რომლის მიზანია გაზის მოპოვება არაპერფორირებული ინტერვალებიდან. მთლიანობაში აღნიშნული ოპერაციების შედეგად, არსებული ინფრასტრუქტურის გაფართოებასთან ერთად, მოსალოდნელია, რომ წლის ბოლოსთვის გაზის წარმოების მოცულობამ გადააჭარბოს 7 მილიონ კუბურ ფუტს დღეში.

"ფრონტერამ" ახლახან გამოაქვეყნა დამოუკიდებელი საკონსულტაციო ფირმის Netherland, Sewell & Associates-ის მიერ მომზადებული ანგარიშის შედეგები, რომელიც ადასტურებს საერთო ჯამში 12.9 ტრილიონი კუბური ფუტის (365 მილიარდი კუბური მეტრი) პერსპექტიული გეოლოგიური გაზის რესურსებს, აქედან 9.4 ტრილიონი კუბური ფუტი (266 მილიარდი კუბური მეტრი) ამოსაღები პერსპექტიული გაზის რესურსებს მწარეხევის და ტარიბანის კომპლექსებში.

ფრონტერას დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ და მთავარმა აღმასრულებელმა ოფიცერმა სთივ ს. ნიკანდროსმა აღნიშნა, რომ საქართველოში მიმდინარე გაზის ოპერაციების წლისთავის აღნიშვნა მნიშვნელოვანი ეტაპია როგორც კომპანიის საქმიანობისთვის, ასევე ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის. საქართველოს დღევანდელი გაზის მოთხოვნის გათვალისწინებით, ქვეყანაში კომპანიის მიერ განხორციელებულმა ინტენსიურმა ტექნიკურმა სამუშაოებმა გამოავლინა მნიშვნელოვანი რესურსი, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს ქვეყნის გაზით მომარაგება უახლოესი 150 წლის განმავლობაში. ამასთან ერთად, საქართველოს აღმოსავლეთ ევროპის სამომხმარებლო ბაზრებთან სიახლოვის გათვალისწინებით, აღნიშნული მნიშვნელოვანი რესურსი საფუძველს ჩაუყრის ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებას, რადგან ქვეყანა არა მხოლოდ ეკონომიკის ზრდისკენ ისწრაფვის, არამედ გეგმავს ევროკავშირთან და მეზობელი ქვეყნების ბაზრებთან ასოცირების გაღრმავებას", - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.