პარლამენტში EBRD-ის ვაჭრობის ფინანსირების პროგრამის ფარგლებში კონფერენცია მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტის შენობაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ვაჭრობის ფინანსირების პროგრამის ფარგლებში კონფერენცია მიმდინარეობს, რომლის მთავარი სპონსორი "თიბისი ბანკია".

კონფერენციის მიზანია ვაჭრობის ფინანსირების სფეროში არსებული გამოწვევების განხილვა და სამომავლო განვითარების გზებზე მსჯელობა. სფეროს წამყვანი სპეციალისტები ვაჭრობის ფინანსირებასთან დაკავშირებულ საკითხებს საერთაშორისო და რეგიონული ბაზრების კონტექსტში განიხილავენ.

როგორც "თიბისი ბანკში" აცხადებენ, კონფერენცია ხელს შეუწყობს ბიზნესპარტნიორებს, შეისწავლონ თანამშრომლობის პოტენციალი ახალ ბაზრებზე და ახალი ურთიერთობები დაამყარონ.  როგორც ჟურნალისტებს "თიბისი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ განუცხადა, ეს პირველი პრეცედენტია, როდესაც ამდენი ადამიანი საქართველოში ერთად ჩამოვიდა EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ფარგლებში. "მარტო თიბისი ბანკი ამ სამი დღის განმავლობაში ორ ხელშეკრულებას გააფორმებს. ამ ხელშეკრულებების ხელმოწერა ალბათ ისედაც მოხდებოდა, თუმცა EBRD-ის ღონისძიებებმა პროცესი დააჩქარა. რაც შეეხება დღევანდელ კონფერენციას, როგორც მოგეხსენებათ ვაჭრობა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგი ქართული ეკონომიკისთვის და ვაჭრობის დაფინანსება როგორც თიბისი ბანკში, ასევე მთლიანად ქართულ სექტორში ყოველწიურად იზრდება", - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

მისივე თქმით, იმ სტუმრების უმრავლესობა, რომლებიც თბილისში ჩამოვიდნენ, საქართველოში ნამყოფი ალბათ არ არიან და ეს ღონისძიება ხელს შეუწყობს მათ მომავალში სესხის გაცემაზე თუ ინვესტიციების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას.

კონფერენციის ბოლოს დაჯილდოების ყოველწლიური ცერემონიალი ჩატარდება, რომელზეც EBRD ყველაზე აქტიურ პარტნიორ ბანკებს დააჯილდოვებს და წლის საუკეთესო ტრანზაქციებს გამოავლენს.