გრიგოლ გეგელია - ევროკომისიის სტატისტიკით კარგად ჩანს, რომ 87%-ით გაზრდილია ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს არალეგალი მოქალაქეების რაოდენობა, ამ დროს, აქ არის რუსების შემოსევა

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, გერმანიის მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად გამოცხადება, საქართველოს მოქალაქეების გერმანიიდან დეპორტაციას ნიშნავს.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში" განაცხადა, საქართველომ უნდა შექმნას პირობები იმისთვის, რომ ადამიანები ცხოვრობდნენ ადეკვატურად და მიზერული შემოსავლის გამო ქვეყნიდან გაქცევა არ უწევდეთ.

„ქვეყნის უსაფრთხოდ ცნობა არ ნიშნავს, რომ უსაფრთხოება მაღალია იმ ქვეყანაში, აქ არ არის საუბარი დანაშაულის დონეზე ან პირადი უსაფრთხოების განცდაზე - აქ საუბარია იმაზე, რომ საქართველო არ არის ისეთი ტიპის სახელმწიფო როგორებიც არსებობს, სადაც მაგალითად, პირდაპირ ხდება ადამიანების წამება პარტიის წევრობის გამო, ამ მასშტაბზეა საუბარია.

შოლცს არ უთქვამს, რომ პოლიტიკურად არ იდევნებიან ადამიანები, მან თქვა, რომ ისეთი ტიპის სიტუაცია არ არის გერმანიის აზრით ამ ქვეყანაში, სადაც მასობრივი დევნა ხდება ამ ნიშნით. აქ სისტემურობაზეა საუბარი, თორემ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების შევიწროება რომ ხდება და სასამართლოს გზით დევნა და ა.შ. ეს შოლცმაც იცის, სახელმწიფო დეპარტამენტმაც და სხვებმაც.

ეს ნიშნავს ჩვენი ბევრი მოქალაქის დეპორტაციას და ეს უკვე ზაფხულში ჩანდა, რომ ასე იქნებოდა, როდესაც შოლცის მეთაურობით გერმანიამ, ბუნდესტაგმა მიიღო კანონპროექტი. ჩვენმა ქვეყანამ პირველ რიგში უნდა შექმნას პირობები იმისათვის, რომ ადამიანები ცხოვრობდნენ ადეკვატურად და არ უწევდეთ მიზერული შემოსავლის გამო გაქცევა.

მარტო წინა წელს ქვეყნიდან გასულია 100 000-ზე მეტი ადამიანი. ევროპული კომისიის სტატისტიკით ძალიან კარგად ჩანს, რომ 87%-ით არის გაზრდილი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოს არალეგალურად დარჩენილი მოქალაქეების რაოდენობა და ამ დროს საქართველოში არის რუსების შემოსევა. ისინი ეპატრონებიან კაფე-ბარებს და ბიზნესებს. ეს ხელისუფლება ემსახურება რუსებს“, - განაცხადა გეგელიამ.