აშშ ქერიმოვის სუპერიახტის კონფისკაციას, გაყიდვასა და თანხის უკრაინისთვის გადაცემას ითხოვს

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში წარდგენილი სარჩელით 300 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების სუპერიახტა Amadea-ს კონფისკაციას ითხოვს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, 2021 წელს იახტა რუსმა მილიარდერმა, სულეიმან ქერიმოვმა შეიძინა, შემდეგ კი მის ტექნიკურ მომსახურებაზე ბანკების მეშვეობით 1 მლნ დოლარზე მეტი გადაიხადა, რითიც აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები დაარღვია.

იახტის მფლობელებს შესაძლებლობა ექნებათ, ეს მოთხოვნა სასამართლოში გაასაჩივრონ.

348 ფუტის (106 მეტრ) სიგრძის იახტა, Amadea ფიჯის ხელისუფლებამ 2022 წლის მაისში, აშშ-ის ორდერის საფუძველზე დააკავა. ამჯერად იუსტიციის დეპარტამენტი აპირებს, საკუთრების უფლება მოიპოვოს აშშ-ისთვის გადაცემულ იახტაზე, რომელიც ამჟამად სან-დიეგოში დგას. შემდეგ Amadea აუქციონზე გაიყიდება და მიღებული თანხა უკრაინას გადაეცემა.

უკრაინის ომის დაწყების შემდეგ დასავლეთის ქვეყნებმა წამოიწყეს კამპანია, რომლის დროსაც 10-ზე მეტი იახტა დააკავეს ან დააპატიმრეს. მათი საერთო ღირებულება 2,25 მლრდ დოლარზე მეტს შეადგენს.

Forbes-ის რუსი მილიარდერების რეიტინგში ქერიმოვი და მისი ოჯახი მე-13 ადგილზეა, ხოლო ქონება 10,5 მლრდ დოლარად არის შეფასებული. ქერიმოვის წინააღმდეგ სანქციები აშშ-ის ხაზინამ 2014 და 2018 წლებში, სირიასა და უკრაინაში რუსეთის ქმედებების საპასუხოდ დააწესა. ამ სანქციებით ქერიმოვს აშშ-ის ფინანსურ სისტემასთან წვდომა აეკრძალა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ