EBRD-ის მასპინძელი ქვეყნის საინვესტიციო სესია გაიმართება

საქართველო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) 2015 წლის შეხვედრებსა და ბიზნესფორუმს მასპინძლობს, რომლის ფარგლებშიც, 14 მაისს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით EBRD-ის მასპინძელი ქვეყნის საინვესტიციო სესია გაიმართება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საინვესტიციო სესია 2015 წლის EBRD-ის ღონისძიების განრიგის განუყოფელი, ინსტიტუციური ნაწილია, სადაც მიიღება საკვანძო გადაწყვეტილებები ბანკის სამომავლო საქმიანობისა და პრიორიტეტული მიმართულებების კუთხით.

სამინისტროს განმარტებით, სესიის ფორმატი ითვალისწინებს არაფორმალურ დისკუსიას გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და ინვესტორებს შორის. "ამ დისკუსიის მთავარი მიზანია საინვესტიციო პერსპექტივებთან დაკავშირებული ინფორმაციის განხილვის პროცესში აუდიტორიის მაქსიმალური ჩართულობის წახალისება, მონაწილეებისთვის ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის სიღრმისეულად გაცნობა და რეგიონში საქართველოს როლის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. სესია მოიცავს საქართველოს ეკონომიკის ხედვის პანელსა და საქართველოს ბაზარზე მოქმედი კომპანიების წარმატებული ისტორიების განყოფილებასაც, სადაც ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს საშუალება მიეცემათ გაუზიარონ საკუთარი წარმატებები დამსწრე საზოგადოებას", - აცხადებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.

მათივე შეფასებით, აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე დასასწრებად საქართველოს ეწვევა ტელეკომპანია CNN-ის განვითარებადი ბაზრების განყოფილების რედაქტორი ჯონ დეფტერიოსი, რომელიც საინვესტიციო სესიაზე მოდერატორის რანგში იქნება წარმოდგენილი. "იგი სპეციალიზებულია განვითარებადი და BRIC-ის სახელმწიფოთა ჯგუფის მზარდ ეკონომიკასთან დაკავშირებულ ბიზნეს ინფორმაციის გაშუქებაზე და CNN-ის ახლო აღმოსავლეთის საბაზრო პროგრამის წამყვანი ფიგურაა. მას აქვს ახალ ამბებზე მუშაობის 20-ზე მეტი წლის გამოცდილება საფინანსო განხრით. მუშაობდა მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრში. ჯონ დეფტერიოსი არის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მედია წამყვანი, არაბული სამყაროს თემებზე გლობალური დღის წესრიგის საბჭოს წევრი და ამავდროულად, მსოფლიო ლიდერებისა და უმაღლესი ოფიციალური პირების ექსკლუზიური ინტერვიუების ავტორი. მისი სტუმრობა და მონაწილეობა საინვესტიციო სესიაში ქვეყნის ცნობადობის ამაღლების კუთხით პოზიტიური მოვლენაა", - აცხადებენ სამინისტროში.

მათივე განმარტებით, EBRD-ის საინვესტიციო სესიის მასპინძლობა საქართველოსთვის საუკეთესო საშუალებაა საინვესტიციო გარემოს გასაუმჯობესებლად, ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის შესახებ მსხვილი საერთაშორისო კომპანიებისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად, უცხოელი ინვესტორების დასაინტერესებლად და მათთან გრძელვადიანი პარტნიორობის ჩამოსაყალიბებლად.