ამერიკულმა Google-მა რუკების სერვის Google Maps-სა და ნავიგაციის აპლიკაცია Waze-ში ისრაელისა და ღაზას სექტორის საგზაო მონაცემები გათიშა. ინფორმაციას კომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით Bloomberg ავრცელებს.
„ჩვენ დროებით გავთიშეთ ტრაფიკისა და საგზაო გადატვირთულობაზე ინფორმაციის რეალურ დროში ნახვის შესაძლებლობა, რაც ადგილობრივი საზოგადოების უსაფრთხოების რისკებმა განაპირობა. ამას ჩვენ კონფლიქტურ სიტუაციებსა და რეგიონულ მოვლენებზე საპასუხოდ ყოველთვის ვაკეთებთ,“ - აცხადებს Google-ის პრესმდივანი, ქეროლაინ ბურდო.
მისი თქმით, გათიშვის მიუხედავად, მარშრუტის შექმნის შესაძლებლობას სერვისი ტოვებს და „ნებისმიერი პირი, ვინც კონკრეტულ ადგილას მიემგზავრება, მარშრუტებისა და ჩამოსვლის სავარაუდო დროის მონაცემებს ისევ მიიღებს.“
ბურდო არ აკონკრეტებს, განხორციელდა თუ არა ეს ცვლილებები ისრაელის მოთხოვნით.
თუმცა Bloomberg-ს საკითხის მცოდნე ანონიმურმა პირმა განუცხადა, რომ ისრაელისა და ღაზას სექტორის მჭიდრო დასახლებებზე რეალურ დროში მონაცემები Google-მა ისრაელის თავდაცვის ძალების მოთხოვნით ამოიღო, რადგან რეალური დროის რეჟიმში სატრანსპორტო ინფორმაციას შესაძლოა, ისრაელის ჯარის გადაადგილება გამოევლინა.
Bloomberg-ის ცნობით, Google-მა ანალოგიური გადაწყვეტილება 2022 წელს, უკრაინის ომის დაწყების შემდეგაც მიიღო და სატრანსპორტო საშუალებების, ასევე, ფეხით მოსიარულეთა გადაადგილების მონაცემები რეალურ დროში გათიშა.
ისრაელთან და ღაზას სექტორთან დაკავშირებით Google Maps-ის გადაწყვეტილება პირველად ისრაელის ვებგვერდ GeekTime-მა გაავრცელა. ვებგვერდი ასევე წერს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების მოთხოვნა ამერიკული Apple-ის აპლიკაცია Maps-მაც დააკმაყოფილა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ