ლაშა ფარულავა - თბილისს ჰყავს მატყუარა, თაღლითი, კორუმპირებული მერი, რომლის არასწორი სატრანსპორტო პოლიტიკის შედეგს გმირთა მოედანზე ვხედავთ

თბილისს ჰყავს მატყუარა, თაღლითი, კორუმპირებული მერი, რომლის არასწორი სატრანსპორტო პოლიტიკის შედეგს ჩვენ გმირთა მოედანზე ვხედავთ - იმის ნაცვლად, რომ აქ საცობის განმუხტვა იგეგმებოდეს, პირიქით, „ქართული ოცნება“ და ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირები ბიძინა ივანიშვილის ცათამბჯენების აშენებას გეგმავენ , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლაშა ფარულავამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, კალა კალაძე თბილისის მომავალს ბიძინა ივანიშვილის პროექტებს სწირავს.

„კახი კალაძე თბილისელებს და თბილისის მომავალს სწირავს ბიძინა ივანიშვილის პროექტებს, რომლებიც რეალურად არა თბილისელებს, არამედ ერთ ჯგუფს ეკუთვნის და ეს ჯგუფი არის მხოლოდ და მხოლოდ იმით დაინტერესებული, რომ თვითონ გამდიდრდეს და ხალხი გააღარიბოს. ხალხი დგას საცობში მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ კახი კალაძე ემსახურება ბიძინა ივანიშვილს და არა თბილისელებს“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

საკითხზე ისაუბრა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა ვასო ურუშაძემაც და განაცხადა, რომ გმირთა მოედანი არის კიდევ ერთი მაგალითი, თუ როგორ უპასუხისმგებლოდ იქცევა თბილისის მერი“

„კახა კალაძე ჰპირდებოდა, რომ ლაგუნა ვერეს მიმდებარედ, გმირთა მოედანზე საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მოხდებოდა, მოეწყობოდა გვირაბი, რომელიც ახალ გზას დააკავშირებდა სანაპიროსთან, მოხდებოდა გზის გაფართოება; იქნებოდა აღებული ე.წ. ბენზინგასამართი სადგურები და აღნიშნული ტერიტორია იმგვარად მოეწყობოდა, რომ აქ აღარ იქნებოდა საცობები. ეს იყო 2018 წლის დაპირება, რომელიც კახი კალაძემ გასცა. მას ჰქონდა სხვადასხვა წარმოდგენები, ვიდეო რგოლები, პრეზენტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა როგორც სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, ესეც დავიწყებას მიეცა. დღეს ქალაქში ყოველდღიურ პრობლემად იქცა საცობები, რომელსაც თამამად შეგვიძლია დავარქვათ კალაძის საცობები. ის, რაც ქალაქში ხდება, კახი კალაძის სატრანსპორტო პოლიტიკის კრახია, ადამიანების ყოველდღიურად უწევთ საათობით დგომა საცობში და ეს არის გამოწვეული იმ არასწორი პოლიტიკის, იმ კორუფციული ინტერესების გამო, რომელიც კახი კალაძეს და მის გუნდს ამოძრავებს. გმირთა მოედანი არის კიდევ ერთი მაგალითი, თუ როგორ უპასუხისმგებლოდ იქცევა თბილისის მერი და როგორ ასრულებს დაპირებებს, რომელი დაპირებითაც ის მოვიდა მერის თანამდებობაზე და თბილისელებს ჰპირდებოდა, რომ თბილისში აღარ იქნებოდა საცობები, რომ თბილისში გამართული იქნებოდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომ მოწყობილი იქნებოდა ინფრასტრუქტურა და ა.შ. რეალურად, დღეს ჩვენ ვართ კახი კალაძის ტყუილების ტყვეობაში და ყოველდღიურად გვიწევს ბრძოლა გადაადგილებისთვის, ბრძოლა იმისთვის, რომ ერთი უბნიდან მეორე უბნამდე მივაღწიოთ“, - განაცხადა ვასო ურუშაძემ.