ქეთევან ბოჭორიშვილმა კომპანია MEDEF International-ის წარმომადგენელი მიიღო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა ფრანგული კომპანია MEDEF International-ის დელეგაცია მიიღო.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დელეგაცია საქართველოში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში იმყოფება. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და ნაყოფიერი და მტკიცე პარტნიორობის ჩამოყალიბების კუთხით გადასადგმელი ნაბიჯები და აქტივობები.

ფრანგული ორგანიზაცია MEDEF International საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მომიჯნავე პროფილის არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც კონცენტრირებულია ნოუ-ჰაუს დანერგვაზე და ხელს უწყობს საერთაშორისო ვაჭრობისა და საინვესტიციო გარემოს განვითარებას მსოფლიო მასშტაბით. MEDEF International საკმაოდ წარმომადგენლობითი ხასიათის მატარებელი დაწესებულებაა და ორიენტირებულია ფრანგული კერძო კომპანიებსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის კავშირების დამყარებაზე, გრძელვადიანი და მდგრადი პარტნიორობის ჩამოყალიბების მიზნით. ამავდროულად, ხაზგასასმელია, რომ MEDEF International წარმოადგენს მსოფლიო ბანკისა და EBRD-ის სამეკავშირეო ოფისს კერძო სექტორის სფეროში და მოწოდებულია მმართველი ორგანოებისა და ბიზნეს კლიმატის გაუმჯობესებისკენ.