კერძო სახლები თბილისში 13%-ით გაძვირდა - რა ღირს კვადრატული დედაქალაქის სხვადასხვა უბანში?

2023 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 5.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 15.6 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.

„საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (5.2 პროცენტი), ისე კერძო სახლების სეგმენტში (6.2 პროცენტი). 2022 წლის მესამე კვარტალთან შედარებით კი, ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში - ბინებზე 15.7 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე 13.4 პროცენტით.

საქსტატის მონაცემებითვე, 2023 წლის მესამე კვარტალში კერძო სახლების ღირებულება (1კვ.მ) დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში შემდეგი იყო:

  • მთაწმინდა - 4 049 ლარი;
  • ვაკე - 3 511ლარი;
  • საბურთალო - 2 890 ლარი;
  • დიდუბე - 2 868 ლარი;
  • ჩუღურეთი - 2 656 ლარი;
  • ისანი - 2 509 ლარი;
  • ნაძალადევი - 2 268 ლარი;
  • კრწანისი - 2 265 ლარი;
  • სამგორი - 2 219 ლარი;
  • გლდანი - 2 192 ლარი.
თაია არდოტელი