ჰანს კლუგემ, საქართველოში, მედიკამენტების ხელმისაწვდომობისთვის გატარებული რეფორმები ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად დაასახელა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ,ჰანს კლუგემ, საქართველოში, მედიკამენტების ხელმისაწვდომობისთვის გატარებული რეფორმები ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად დაასახელა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 73-ე სესიაზე ჰანს კლუგემ აღნიშნა, რომ საქართველოში განხორციელებულმა სისტემურმა რეფორმებმა - ფასების რეგულირებამ და რეფერენტული ფასების განსაზღვრამ - ონკოლოგიური წამლების ღირებულების 45%-ით შემცირების შესაძლებლობა შექმნა. მისივე თქმით, ეს ცვლილებები, სახელმწიფოსთვის, ორჯერ მეტი მედიკამენტების შესყიდვების საშუალებას იძლევა.

უწყების ინფორმაციით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, სიტყვით გამოსვლისას საქართველოში, ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზურაბ აზარაშვილთან ფარმაცევტულ სექტორში განხორციელებული რეფორმები განიხილა.

„თუ ხალხს არ აქვს შესაძლებლობა, გადაიხადოს ფული ექიმთან წასასვლელად, ან მედიკამენტისთვის, ეს მხოლოდ პრაქტიკული პრობლემა არ არის, ეს ეთიკური პრობლემაა, იმიტომ რომ ადამიანები კარგავენ ნდობას მთავრობების, ჩვენ მიმართ. თუმცა, არსებობს ბევრი კარგი მაგალითი. ახლახან, ვიმყოფებოდი უმშვენიერეს თბილისში, საქართველოში, რათა განმეხილა ჯანდაცვის მინისტრთან, ბატონ ზურაბ აზარაშვილთან, თუ როგორ მოახერხეს ფასების რეგულაციაზე, რეფერენტულ ფასებზე ერთიანი სამუშაოს წარმართვა, რამაც საბოლოოდ, ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ფასების 45%-ით შემცირების შესაძლებლობა შექმნა, რაც ნიშნავს, რომ ახლა, საქართველოს, ორჯერ მეტი [მედიკამენტების] შესყიდვის საშუალება აქვს“, - განაცხადა ჰანს კლუგემ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 73-ე სესიაზე.