აფხაზეთში მიმდინარე მშენებლობებზე ქართველებიც მუშაობენ

"აფხაზეთში მშენებლობებზე გაცილებით მეტს გვიხდიან, ვიდრე ენგურს გაღმა"

კარგა ხანია, რაც აფხაზეთში ახალი შენობების მშენებლობა თუ ძველის რეკონსტრუქცია რუსული ინვესტიციების ხარჯზე მიმდინარეობს. რუსულ საიტებზე უამრავი სააგენტოს განცხადებას წააწყდებით, რომლებიც მსურველებს აფხაზეთში სახლების მშენებლობას მისაღებ ფასებში სთავაზობენ. მშენებლობები ძირითადად, სოხუმსა და გაგრაში მიმდინარეობს, სადაც ზაფხულის სეზონზე დამსვენებლები ჩადიან. აღსანიშნავია, რომ აფხაზეთში მიმდინარე მშენებლობებზე დასაქმებულთა მეტი წილი სწორედ ქართველებზე მოდის. არაკონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები თუ ენგურს გაღმა მყოფი ქართველები ოჯახის სარჩენად სწორედ ამ გზას ირჩევენ. მიზეზად კი სარფიან ანაზღაურებას ასახელებენ, რასაც თბილისსა თუ სხვა ადგილებში არსებულ მშენებლობებზე ვერ იღებენ.

სონია ხ. უკვე მეხუთე წელია, რაც ქმარ-შვილთან ერთად გალში საცხოვრებლად დაბრუნდა. თუმცა, სამუშაო ადგილები ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ არის, თხილის მოსავალი კი იმდენს არ იძლევა, რომ წლიდან წლამდე თავი შეინახონ. ოჯახის უფროსმა გამოსავალი მშენებლობაზე დასაქმებით იპოვა. "თბილისში საცხოვრებელი არ გვქონდა, ამიტომ გალში წამოვედით. აქ სამუშაო არის, შვილებს ვუვლი, ჩემს ქმარს კი ხანდახან სამუშაო თუ გამოუჩნდება, მიდის, არანაირ საქმეს არ თაკილობს. რამდენჯერმე მშენებლობაზეც სცადა ბედი. მართალია ბევრი არა, მაგრამ ნორმალური ანაზღაურება მიიღო. მთავარია კარგი ხელოსანი იყო და სამუშაო და კარგი ანაზღაურება გარანტირებული გაქვს. ჩემმა ქმარმა ხელობა არ იცის, ამიტომ შავ მუშად მუშაობს", - ამბობს გალელი რესპონდენტი.

bpnთემური გალის რაიონის სოფელ ოქუმში უკვე წლებია, რაც ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ბოლო სამი წელია, რაც სოხუმსა და გაგრაში მშენებლობაზე მუშაობს. ამბობს, რომ ანაზღაურებით კმაყოფილია: "ხელობა კარგად ვიცი, კაფელის ხელოსანი ვარ. ძირითადად ახალი შენობების მშენებლობაზე ვმუშაობ. თვეში დაახლოებით 1 000 დოლარამდე ავდივარ. განსაკუთრებით კარგი ანაზღაურება "პრარაბებს" აქვთ. სოხუმში სტადიონის მშენებლობა იყო შარშან და იქაც ვმუშაობდი. ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს იქაურობა გაალამაზოს. თუმცა, გადაბუგული შენობების აღდგენა არც ისე მარტივია. ზოგიერთი სასტუმრო ომს გადაურჩა, იმათი რეკონსტრუქციაც მიდის. ჩვენთვის შეღავათია ისიც, რომ სადაც ვმუშაობთ, ღამესაც იქ ვათენებთ და ბინის ქირაში ფული არ გვეხარჯება. ბარემ არ მინდა ჩვენი მტრების სასარგებლოდ მუშაობა, მაგრამ სხვა ალტერნატივა არ მაქვს. ბავშვები სკოლაში დადიან, ჩაცმა, ჭამა ხომ უნდათ? სოფელში საქონელი გვყავს, მიწას ვხნავთ და სასმელ-საჭმელი არ გვაკლია, მაგრამ ადამიანს იმის იქით კიდევ ბევრი რამ სჭირდება."

აფხაზეთში მშენებლობებზე სამუშაოდ მხოლოდ გალიდან არ დადიან. მათ შორის ბევრია ისეთი ქართველი, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან იქ სამუშაოდ გადადიან. კარგა ხანია, რაც აფხაზეთიდან დევნილი მამაკაცების საკმაოდ დიდი ნაწილი სოხუმსა და გაგრაში მშენებლობაზე გამომუშავებული თანხებით თბილისსა და თუ სხვა ქალაქებში დარჩენილ ოჯახებს ინახავენ.

"რაც თბილისში მშენებლობები დაიწყო, იქიდან მოყოლებული ვმუშაობ, ჯერ შავ მუშად, ამასობაში ხელობაც შევისწავლე. თავიდან კარგი ანაზღაურება იყო, თვეში 1 500-2 000 ლარი გამომდიოდა, მერე რაც კრიზისი წავიდა, ანაზღაურება შემიმცირდა, ერთი პერიოდი კი საერთოდ შეჩერდა მშენებლობები. დავრჩი უმუშევარი. ჩემი ძმა გალში ცხოვრობს და მან წამიყვანა მშენებლობაზე. შემდეგ როცა ფეხი მოვიკიდე, ჩემი ნაცნობებიც წავიყვანე. მე პირადად კმაყოფილი ვარ იქ გამომუშავებული თანხით, ფულს არ გაკლებენ. დროულად გვიხდიან. მშენებლობაზე ჩვენთან ერთად სომხები და აფხაზებიც მუშაობენ. დასასვენებლად რომ ჩამოვსხდებით, ერთმანეთში ჩვეულებრივად ვლაპარაკობთ. რა თქმა უნდა, თავიდან იყო შეგუების მომენტი. ახლა კი, როცა დავსხდებით, ვამბობთ რა გვქონდა გასაყოფი ქართველებსა და აფხაზებს? თუმცა, თავს იმით ვიმშვიდებ, რომ ოდესღაც ამ ჩვენს აშენებულს ჩვენ თუ არა, ჩვენი შვილების თაობა აუცილებლად ჩაიბარებს", - ამბობს აფხაზეთიდან დევნილი გოჩა დ.

როგორც ადგილობრივებმა bpn.ge-ს განუცხადეს, დე ფაქტო ხელისუფლება უახლოეს მომავალში გალის რაიონის სოფელ პირველი გალის ჰესის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას იწყებს. გალელები იმედოვნებენ, რომ იქაც დასაქმდებიან.

სალომე გოგოხია