დავით გაბაიძე - აჭარის უმაღლეს საბჭოში მომდევნო წლის ბიუჯეტი 1-ელ ნოემბრამდე უნდა შევიდეს და „ნაციონალური მოძრაობის” კანონპროექტით 2024 წლის ბიუჯეტის განხილვა ვერ მოესწრება

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანონპროექტს გამოეხმაურა.

დავით გაბაიძის განცხადებით, აჭარის უმაღლეს საბჭოში მომდევნო წლის ბიუჯეტი 1-ელ ნოემბრამდე უნდა შევიდეს და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანონპროექტით 2024 წლის ბიუჯეტის განხილვა ვერ მოესწრება.

„პოლიტიკური განცხადებაა და კონკრეტული კანონპროექტი არ არის უმაღლეს საბჭოში დარეგისტრირებული, თუმცა რადგან ითქვა დარეგისტრირდება. ზოგადად მივესალმები იმას, რომ “ნაციონალური მოძრაობა” როგორც იქნა გამოჩნდა უმაღლეს საბჭოში და რაც მთავარია, საქმესთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტს არ ვიცნობ როგორც მათი პრესრელიზიდან არის ცნობილი ეს ემსახურება ბიუჯეტის გამჭვირვალობას, რაც ბუნებრივია კეთილშობილური ჩანაფიქრია და არაფერი საწინააღმდეგო არ გვაქვს, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ თუკი უმაღლესი საბჭო, გამოირჩევა ყველა იმ ორგანიზაციის შეფასებით ვინც გამჭვირვალობის ინდექსს ადგენს საქართველოში ყველა ერთხმად აღიარებს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო და მასში მიმდინარე პროცესები ღია და საჯაროა. აჭარის უმაღლესი საბჭო რეგიონში ერთ-ერთი პირველი ორგანოა, რომელიც შეუერთდა ღია მმართველობის ინიციატივას. აჭარის უმაღლეს საბჭოში მომდევნო წლის ბიუჯეტი პირველ ნოემბრამდე უნდა შემოვიდეს, შესაბამისად, რამდენიმე დღე არის დარჩენილი და ეს კანონი რომ ჩავთვალოთ გამართულია ტექნიკურად - იურიდიულად და მივიღოთ ვერ მოესწრება 2024 წლის ბიუჯეტისათვის, გამართულიც რომ იყოს”, - აღნიშნა დავით გაბაიძემ.

ცნობისთვის, აჭარის უმაღლეს საბჭოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები აცხადებენ, რომ არეგისტრირებენ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობის ჩართულობით, საბიუჯეტო პროცესის გამჭვირვალობა მოხდება. როგორც უმაღლეს საბჭოში გამართულ ბრიფინგზე მათ აღნიშნეს, ბიუჯეტი რეგიონის მთავარ გამოწვებს უნდა დაეყრდნოს.