უკვე წლებია ანსამბლი „შილდა“, როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის სხვადასხვა სცენებზე მსმენელს ქართული ფოლკლორის საგანძურს უზიარებს. ანსამბლი 2017 წელს „მეღვინეობა შილდას“ და „ფონდი ქართული გალობის" დამფუძნებლების დიდი ხელშეწყობითა და ინიციატივით შეიქმნა, რომლის მთავარი მიმართულებაა კახური ფოლკლორის ცნობილი და უცნობი ვერსიების გაცოცხლება და მომავალი თაობისთვის გადაცემა.
ოქტომბერში, ქალაქ პარიზში, ინტერკონტინენტალის ისტორიულ დარბაზ „ოპერაში“ საფრანგეთში ქართული დიპლომატიური მისიის აღდგენის 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის წარმომადგენლები, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის დეპუტატები და სენატორები, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წევრები, ასევე, საფრანგეთში მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელები.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით კულტურული პროგრამა წარმოდგენილი იყო ქუთაისის ცეკვის სახელმწიფო ანსამბლითა და ფოლკლორული ანსამბლით „შილდა“.
(R)