ასაწყობი შვედური ელექტრომობილი მომხმარებელს IKEA-ს ავეჯივით დაშლილ ფენებად მიეწოდება

შვედურმა სტარტაპ Luvly-მ ასაწყობი ელექტრომობილი შექმნა, რომელიც მთელ მსოფლიოში მომხმარებლებს, IKEA-ს ავეჯის მსგავსად, დაშლილი სახით, ბრტყელ ფენებად შეფუთული მიეწოდება. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს.

ასეთი მიდგომა ტრანსპორტირებისას სითბური გაზების გამოყოფას მნიშვნელოვნად შეამცრებს.

მყიდველებს ელექტრომობილის აწყობას არ ანდობენ, ამიტომ შეფუთული ნაწილები ქარხნიდან ადგილობრივ ასაწყობ პუნქტებში ჩავა, სადაც ისინი სრულფასოვან ავტომობილად გადაიქცევიან.

ელექტრომობილი გაყიდვაში 2024 წელს გამოვა და, დაახლოებით, 10 ათასი ევრო ეღირება. ის ორ მგზავრს იტევს და ნახევარ ტონაზე ნაკლებს იწონის. 100-კილომეტრიანი მარაგის ბატარეით ავტომობილს საათში 90 კილომეტრამდე სიჩქარით გადაადგილება შეუძლია.

ინჟინრების თქმით, ავტომობილი ისეა კონსტრუირებული, რომ საჭიროების შემთხვევაში ცალკეული ნაწილების ადვილად შეცვლა არის შესაძლებელი. ამასთან, მისი მთლიანად დაშლა და გადამუშავება შეიძლება.

მიმდინარე წლის აგვისტოში ევროკომისია ავტოკონცერნების კანონით დავალდებულების ინიციატივით გამოვიდა, რომ ავტომობილები ამჟამინდელზე უფრო მარტივი გადამუშავების გათვლებით აწარმოონ. ევროპელი ოფიციალური პირების მონაცემებით, ეს აღმოფხვრის 12,3 მილიონი ტონა სითბური აირების გამოყოფას, რომელიც სტანდარტული უტილიზაციის დროს წარმოიქმნება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ