თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვმა ტრანსკასპიური გაზსადენი პერსპექტიულ მეგაპროექტად დაასახელა, რომლის მეშვეობითაც თურქმენული ბუნებრივი აირი ევროპის ქვეყნებში გავა ექსპორტზე.
ამის შესახებ ქვეყნის მეთაური მილოცვის წერილში წერს, რომელიც ეძღვნება 28-ე საერთაშორისო კონფერენციასა და გამოფენას სახელწოდებით, „თურქმენეთის ნავთობი და გაზი - 2023.“ ეს ღონისძიება აშხაბადში დღეს გაიხსნა და 27 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
ბერდიმუჰამედოვი შენიშნავს, რომ გალკინიშის საბადო მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია და თურქმენულ ბუნებრივ აირზე საერთაშორისო მოთხოვნის ზრდაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
ამასთან, თურქმენეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა მნიშვნელოვან ძალისხმევას, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში ოპტიმალური პირობების შექმნას ამ პროექტში ინვესტიციების მისაზიდად.
„თურქმენეთი ბუნებრივი აირის ექსპორტის შესაძლებლობებით არ შემოიფარგლება და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მის გადამუშავებას. ჩვენი კარი ღიაა ამ სეგმენტში ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობისთვის,“ - წერს პრეზიდენტი.
ცნობისთვის: ივლისის ბოლოს თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება და აზერბაიჯანისგან კასპიის ზღვის ფსკერის დელიმიტაცია მოითხოვა. უწყება აცხადებდა, რომ თურქმენეთი მზად არის, ევროკავშირისთვის გაზის მისაწოდებლად კასპიის ზღვის ფსკერზე ტრანსკასპიური გაზსადენის მშენებლობა დაიწყოს, რის შემაფერხებელ ფაქტორებსაც ვერ ხედავს.
პროექტის მიხედვით, ევროპულ ბაზარს 30 მილიარდი კუბური მეტრის თურქმენული გაზი ყოველწლიურად, მინიმუმ, 30 წლის განმავლობაში უნდა მიეწოდოს. ჯერჯერობით დასავლეთისთვის თურქმენული გაზის მიწოდების ერთადერთი გზა ყაზახეთისა და რუსეთის ტერიტორიაზე არსებული სატრანზიტო მილსადენებია.
ტრანსკასპიური გაზსადენი თურქმენეთს შესაძლებლობას მისცემს, ევროპას გაზი რუსეთის გვერდის ავლით, კერძოდ, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიით მიაწოდოს. თურქმენეთის საგარეო უწყება ღიად აცხადებს, რომ ქვეყანა ამ იდეას არა მხოლოდ ეკონომიკურად და კომერციულად მომგებიან პროექტად განიხილავს, არამედ ენერგეტიკული ნაკადების დივერსიფიკაციის მნიშვნელოვან ნაწილად მიიჩნევს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ