მერია ახალ ნაძვის ხეს ყიდულობს -  რა დაუჯდება თბილისს ახალი წლის მთავარი აქსესუარი

თბილისის მერიამ, ნაძვის ხის შესაძენად ტენდეტრი გამოაცხადა.

დედაქალაქის ახალი ნაძვის ხე მერიას 720 000 ლარი დაუჯდება. შესყიდვის მიწოდების ბოლო ვადა 15 ნოემბერია.

კრიტერიუმები კი შემდეგია, სატენდერო განაცხადის მიხედვით, ნაძვის ხის სიმაღლე უნდა იყოს 24 მეტრი. მას 365 ტოტი და 120 ცალი ფარდა განათება ექნება. ნაძვის ხე 100 აქსესუარით მოირთვება. მათ შორის იქნება გრძივად აწყობილი ბურთები, კონტურული ვარსკვლავები და ფიფქები, კონტურული მოგრძო ფორმის სათამაშოები.

„თბილსერვის ჯგუფის“ მიერ ახალი ნაძვის ხის შესყიდვაზე ტენდერში წინადადებების მიღება 11 ოქტომბერს დაიწყო და 16 ოქტომბერს დასრულდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება იყო 730 000 ლარი. „თბილსერვისმა" შეთავაზება მხოლოდ შპს "ღამის შოუს სტუდიისგან" მიიღო. მან "თბილსერვისს" შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე - 730 000 ლარზე, 10 000 ლარით ნაკლები შესთავაზა. ხელშეკრულება სწორედ ამ კომპანიასთან ფორმდება.

შეგახსენებთ, თბილისის მერიამ ახალი ნაძვის ხე ბოლოს 2019 წელს იყიდა. მაშინ დედაქალაქის მთავრობას საახალწლოდ თბილისის ქუჩების გაფორმება და საშობაო ნაძვის ხის შეძენა 3 177 944 ლარი დაუჯდა. 2020 წელს თბილისის მერიის კომპანიამ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი (616 000 ლარი) დახარჯა საახალწლო განათებებსა და ქუჩების გაფორმების სამუშაოებზე. 2021 წელს მერიამ 2.7 მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა და კონცერტი დისტანციურად, პანდემიური წესების დაცვით გამართა.

თამარ მუკბანიანი