"შავი ოქროს" ფასი ბეწვზე ჰკიდია

საწვავის გაძვირება მომავალშიც გაგრძელდება?!

2015 წლის იანვრიდან მსოფლიო ბაზარზე საწვავის ღირებულება იზრდება. სპეციალისტები ამ პროცესს "აღმავალ ტრენდს" უწოდებენ, რადგან საწვავის ფასმა ბოლო თვეების მაქსიმუმს მიაღწია.

"შავი ოქროს" გაძვირების პროცესი ყველა ქვეყანაში შეიმჩნევა, მაგალითად: აშშ-ში ბენზინის საცალო ფასი 2,7 ცენტით გაიზარდა. 2015 წლის 5-11 მაისის მდგომარეობით, რეგულარის ტიპის საავტომობილო ბენზინის საშუალო საცალო ფასმა შეადგინა 2,691 დოლარი/გალონზე. ეს ფასი ყველაზე მაღალია დეკემბრის შემდეგ", - ნათქვამია აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებში.

ბუნებრივია, გაძვირების ტენდენცია ქართულ ბაზარზეც აისახება. ჩვენს საცალო ქსელში საწვავის ფასის მატება დეკემბრიდან დაიწყო და რამდენჯერმე 3-5 თეთრით გაიზარდა. ამ სფეროს წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ მსოფლიო ფასების ზრდის და ლარის კურსის ცვლილების პარალელურად, საწვავის ფასი საქართველოში კიდევ გაიზარდოს.

ვანო მთვრალაშვილი - ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე: "ბოლო ხანებში საწვავის ფასი მთელ მსოფლიოში მატულობს. "პლატსის" მიხედვით 1 ტონა ბენზინის ფასი წლის დასაწყისიდან დღემდე 180-200 დოლარით არის გაზრდილი, ხოლო 1 აპრილიდან დღემდე - დაახლოებით 100 დოლარით. ასე რომ, მნიშვნელოვანი მატება აღინიშნება. საწვავის ფასი ყველგან იზრდება და ეს ფაქტია. ასეთივე მდგომარეობაა ადგილობრივ, ქართულ ბაზარზეც. ლარის გაუფასურების გამო ყველა პროდუქტი, რომლის შესყიდვაც დოლარში გვიწევს, დიდ წნეხს განიცდის. ეროვნული ვალუტის გაუფასურება პირდაპირ ზეგავლენას ახდენს საწვავის ფასზე, ამიტომ რამდენჯერმე უკვე გაიზარდა ფასი 3-5 თეთრიანი ბიჯებით, ხოლო საშუალოდ ყველა სახის პროდუქტზე ფასი 18-20 თეთრით არის მომატებული. საწვავის ფასები მომატებულია ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც: სომხეთში, აზერბაიჯანში, მოლდოვაში, უკრაინაში და ა.შ... თუ საერთაშორისო ფასები სტაბილური გახდება და ლარიც თავის კალაპოტში ჩადგება, ამ შემთხვევაში საწვავის ფასიც ერთ ნიშნულზე გაჩერდება".

ანალიტიკოსი ბექა კემულარია მიიჩნევს, რომ ეს საკითხი სერიოზულ შესწავლას საჭიროებს:

"საქართველოში წლების განმავლობაში ასე ხდებოდა: როდესაც მსოფლიო ბაზარზე საწვავი ძვირდებოდა, მისი ფასი იმ დღესვე აისახებოდა ჩვენს ფასებზე, ხოლო შემცირებაზე ამას ვერ ვიტყვით. არაერთხელ გამოთქმულა ეჭვი, რომ ქართულ ბაზარზე მოქმედ კომპანიებს შორის კარტელურ შეთანხმებას ჰქონდა ადგილი. 2010 წლამდე საწვავი 20-თეთრიანი ფასნამატით იყიდებოდა, ამის შემდეგ უკვე 5 კომპანია გამოიკვეთა ბაზარზე, როგორც ჩანს, მათ შორის კარტელური შეთანხმება დაიწყო და ეს 20-თეთრიანი მარჟა 60 თეთრამდე ავიდა. თუ ამ ბაზარზე 2-3 წლის წინ იყო კარტელური შეთანხმება, არის ეჭვი, რომ წამყვანი კომპანიები დღესაც შეთანხმებულად ზრდიან და ამცირებენ ფასებს."

კემულარიას აზრით, კომპანიები ფასს გაზრდიან, თუ შეამცირებენ, ეს მათი საქმეა, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს შეთანხმების საფუძველზე: "ამ ეტაპზე მტკიცებით ფორმაში იმის თქმა, რომ მათ შორის კარტელური შეთანხმებაა, ძნელია. თუ მსოფლიოში ფასი ძვირდება, ყველგან ძვირდება და ამ კომპანიებსაც ვერ მოვთხოვთ ქველმოქმედები იყავითო. ბიზნესი ყოველთვის მოგებაზეა ორიენტირებული, მაგრამ ეს მოგება გონივრული უნდა იყოს. კომპანიას ვერ დავუდგენთ, რა უნდა ღირდეს მისი პროდუქცია, მაგრამ თუ გვინდა დავადგინოთ, როგორი შეიძლება იყოს დღეს საწვავის საშუალო ფასი, არაბრენდირებულ სადგურებს უნდა მივაკითხოთ - იქ საწვავი 10, 20, 30 თეთრით ნაკლები ღირს. მსხვილ კომპანიებს შეუძლიათ გაცილებით იაფად გაყიდონ საწვავი, რადგან უფრო მეტი რესურსი აქვთ, მაგრამ ამას არ აკეთებენ. ყველა ამ საკითხს კონკურნეციის სააგენტო რამდენიმე თვეა იკვლევს, ჯერჯერობით კვლევის შედეგები კონფიდენციალურია, მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ ეს სააგენტო საბოლოოდ ობიექტურ დასკვნას დადებს".

განსხვავებული მოსაზრებები აქვს ამ თემაზე კომპანია "ლუკოილ ჯორჯიას" დირექტორის მოადგილეს - შავლეგ მიშველაძეს:

"საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, რომ საქართველოს არა აქვს საკუთარი საწვავის მარაგი. ასეთ ქვეყნებში საწვავის ფასი დამოკიდებულია რამდენიმე მთავარ კომპონენტზე. ეს კომპონენტებია- მსოფლიო ბაზარზე არსებული ფასი, იმ ვალუტის ფასი, რომლითაც ქვეყანაში საწვავის რეალიზაცია ხდება და ვალუტა, რომლითაც ზოგადად სავაჭრო გარიგებები სრულდება ანუ აშშ დოლარი. ჩვენ არც ერთ კომპონენტში არა გვაქვს სახარბიელო ტენდენცია. თუკი ავიღებთ ბოლო თვეების მონაცემებს, ვნახავთ, რომ მსოფლიო ბაზარზე "პლატსის" ფასი გაზრდილია, ლარის კურსის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს კი ყველანი კარგად ვხედავთ. შესაბამისად, ჩვენ გვიწევს სამწუხარო და ნამდვილად არასასურველი გადაწყვეტილების მიღება, როდესაც საწვავის ფასს ვზრდით. თუ მსოფლიო ბაზარზე საწვავის ფასი კვლავ მოიმატებს და ლარის კურსიც ამ ნიშნულზე გაჩერდება, მაშინ საწვავის ფასის მატებაც გარდაუვალი იქნება.

შავლეგ მიშელაძე მიიჩნევს, რომ ოპონენტების მიერ ნავთობკომპანიების კრიტიკა დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა: "ჩვენი ოპონენტების კრიტიკა ყოვლად გაუგებარია, ხოლო არგუმენტები, რომლებიც ამ ადამიანებს მოჰყავთ, ძალზე გაცვეთილი და დაუსაბუთებელი. რეალობა კი ასეთია: საქართველოში 5 მსხვილი ნავთობკომპანია ოპერირებს, უამრავი მცირე და არაბრენდული სადგურია, შესაბამისად, კონკურენტული გარემო უაღრესად დაძაბულია. ხშირად ეს კომპანიები ერთმანეთს სტაცებენ კლიენტებს. თუკი ჩვენს ქსელში პრემიუმ კლასის საწვავი ღირს 1,94 თეთრი, რომელიღაც სხვა კომპანიაში ის ღირს 1,98, ან 1,99, ან 1,96. ადამიანისათვის, რომელიც 10 ლარის საწვავს ასხამს, შეიძლება დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდეს, 1,96 თეთრად იყიდის საწვავს, თუ 1,98-ად, მაგრამ თუ ვიანგარიშებთ, თითოეული კომპანიის დღიური რეალიზაცია დაახლოებით 400 ათასი ლიტრია, გადაამრავლეთ ეს 365 დღეზე და ის 2 თეთრი, რომელიც უმნიშვნელო ჩანს, წლიურად 2 მლნ 900 ათასი ლარია. ვინ იტყვის უარს ამ მოგებაზე? - ასეთი კომპანია ბუნებაში არ არსებობს და ვერც იარსებებს. მიუხედავად ამისა, კომპანიები ძალზე უხალისოდ უმატებენ ფასებს იმიტომ, რომ გაზრდილი ფასი შემცირებულ რეალიზაციას გულისხმობს. ეს ბიზნესი დოლარზეა მიბმული და როდესაც ეს ორივე კომპონენტი გვაბრკოლებს, ბუნებრივია, ფასი ჩვენთანაც მატულობს. თუ მსოფლიოში ნავთობი გაიაფდება და ლარის კურსიც დაუბრუნდება თავის კალაპოტს, მაშინ ფასი ჩვენს ქსელშიც შემცირდება. ჩვენც მთლიანად ვალუტის კურსზე და საერთაშორისო ფასებზე ვართ დამოკიდებული".

შავლეგ მიშველაძის მტკიცებით, დღეს საწვავის ფასი საქართველოში იმაზე უფრო ნაკლებია, ვიდრე უნდა იყოს: "არავითარი 20-30, ან თუნდაც 10 თეთრით გაიაფების რესურსი არ არსებობს. რომ არ შევალამაზოთ, ჯერჯერობით სასიკეთო სიგნალებიც არ ჩანს. ჩვენც მოლოდინში ვართ, რომ ლარი იმ ნიშნულს დაუბრუნდება, რომელიც სასიკეთო იქნება ბიზნესისთვის. რაც შეეხება არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებს, მათ ჩვენთან შედარებით ნაკლები ხარჯი აქვთ და ამიტომაც ყიდიან საწვავს უფრო იაფად",- განაცხადა მიშველაძემ bpn.ge-სთან საუბრისას.

ხათუნა ჩიგოგიძე