საკრედიტო ექსპანსია - როგორ ეუფლება ჩინეთი მსოფლიოს საკვანძო პორტებს ვალის სანაცვლოდ

ჩინეთი თავისი ფულის ეშმაკურად გამოყენებით მსოფლიოს საკვანძო პორტებს ეუფლება - ამის შესახებ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონული გამოცემა The Diplomat-ი წერს.

გამოცემის ცნობით, დასავლელმა ექსპერტებმა ჩინეთის ამ „იარაღზე“ კვლევაც კი ჩაატარეს და დაადგინეს, რომ სესხების მიმართ ჩინური მიდგომა მეტად სპეციფიკურია. კერძოდ, თავის საკრედიტო კონტრაქტებში ჩინეთი ვალის მომსახურების სპეციალურ პირობებს დებს, რომელიც უკიდურესად ართულებს მესამე ქვეყნების უნარს, გავლენა მოახდინოს ამ საკრედიტო ურთიერთობებზე, ასევე, კრედიტის ამღებ სახელმწიფოს უამრავ სხვა ვალდებულებას აკისრებს. ამასთან, ეს სესხები უკიდურესად გაუმჭვირვალეა და საკმარის შესაძლებლობებს აძლევს იმ ქვეყნების ელიტებს, რომლებიც ჩინურ ფულს იღებენ.

გამოცემა წერს, რომ ჩინელებს მეტწილად არ აინტერესებთ, დაიხარჯება თუ არა კრედიტი მიზნობრივად. მათთვის მთავარია, მისგან სარგებლის მიღება, თანაც, სასურველია ნატურით და არა ფულით, როგორიც არის, მაგალითად, ტაჯიკური ოქროს მაღაროები, აფრიკის საბადოები ან პორტები.

ჩინელები ვალის სანაცვლოდ რომ საკვანძო პორტებს ეუფლებიან, ამას რამდენიმე მაგალითი მოწმობს. კერძოდ, ჩინეთი, სავარაუდოდ, ხელში ჩაიგდებს კამერუნის პორტ კირიბის მას შემდეგ, რაც კამერუნზე გაცემული თავისი კრედიტით მას თავადვე ააშენებს, რადგან ადგილობრივი ხელისუფლება კრედიტს ვერ ფარავს… ან ჩინელები, უბრალოდ, შეისყიდიან პორტს ტრადიციული მეთოდით.

დასავლელი ექსპერტების კვლევით, ჩინეთის ინტერესების სფეროში არა მხოლოდ მონტენეგროს, ბარისა და საბერძნეთის პირეოსის სავაჭრო პორტები შედის, არამედ ჩინელები, ასევე, ფლობენ წილებს სხვა ათეულ ევროპულ პორტში, როგორიც არის მარსელი, გენუა, როტერდამი, ბრიუგე, ვალენსია, სტამბოლი და სხვა. ამასთან, ჩინელები აფრიკის პორტების ნაწილს, ასევე, პაკისტანის გვადარისა და შრი-ლანკის ჰამბანტოტუს პორტებს აკონტოლებენ. ეს უკანასკნელი ყველაზე მნიშვნელოვანი პორტია მსოფლიო სავაჭრო გზების საკვანძო გზაჯვარედინზე.

ჩინური „საკრედიტო ექსპანსიის“ ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა ბალკანეთზე 2021 წლიდან ვითარდება, სადაც პეკინი მზად არის, ვალის სანაცვლოდ მონტენეგროს (ჩერნოგორიის) ყველაზე მნიშვნელოვან ბარის საზღვაო პორტს დაეუფლოს.

კერძოდ, 2014 წელს ჩერნოგორიის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრ მილო ჯუკანოვიჩმა ჩინეთიდან ერთი მილიარდი დოლარის სესხი საგზაო მაგისტრალის იმ მონაკვეთის ასაშენებლად აიღო, რომელსაც მონტენეგრო სერბეთთან უნდა დაეკავშრებინა. რაც შეეხება სესხის მასშტაბს, მონტენეგროს მთლიანი შიდა პროდუქტი 2019 წელს 14 მლრდ დოლარად იყო შეფასებული, ხოლო ჩინური კრედიტი ქვეყნის ბიუჯეტის მთლიანი ხარჯვითი ნაწილის, დაახლოებით, ნახევარს უდრიდა, ამიტომ ბევრმა ეს კრედიტი თავიდანვე ჯუკანოვიჩის პირად პიარ-პროექტად და პრემიერის გარემოცვისთვის ფულის შოვნის ინსტრუმენტად მონათლა.

2021 წლიდან მონტენეგროს ხელისუფლება, ამჯერად გაპრეზიდენტებული მილო ჯუკანოვიჩის მმართველობით, ცდილობს, ჩინეთის ვალის დაფარვის ვალდებულება თავიდან აიცილოს ან ევროპელებისგან გადაკრედიტირებას უფრო დაბალი განაკვეთით მიაღწიოს. კერძოდ, ჩინური კრედიტი 2%-იანია, ქვეყნის მთავრობას კი ევროპისგან გადაკრედიტირებას 1%-ზე ნაკლები განაკვეთით ცდილობს. ასევე, მთავრობას სურს, რეფინანსირებას მიაღწიოს. ჩინელებს ასეთი სარისკო ინვესტიცია იმიტომ უღირდათ, რომ ეს გზატკეცილი არა მარტო მონტენეგროს, არამედ პეკინსაც სჭირდებოდა. საქმე ისაა, რომ ჩინური საქონელი ევროკავშირში მაკედონიისა და სერბეთის გავლით შედის. ამას დიდი დრო მიაქვს, რასაც გზაზე საბაჟოს გავლა ემატება, ამიტომ ჩინეთისთვის ბევრად მოსახერხებელია საქონლის იმპორტი მონტენეგროს ბარის პორტით, საიდანაც ტვირთი ჩინეთის კრედიტით აშენებული ჩქაროსნული ავტომაგისტრალით სერბეთში ჩავა, შემდეგ კი ევროკავშირის ბაზარზე შევა.

საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, თუ მონტენეგრო ვერ შეძლებს ავტომაგისტრალისთვის აღებული ვალის გადახდას, მაშინ კრედიტორს, ანუ ჩინეთის სახელმწიფო ბანკს შეუძლია, გადახდა ნატურით, ბარის პორტის სახით მიიღოს და ის მთლიანად ჩინეთის საკუთრება გახდეს. ამასთან, კარგი ბონუსის სახით, ჩინელები იღებენ ბულიარიცას პლაჟის ნაწილს, რომელიც რეგიონში ერთადერთი განუვითარებელი დიდი პლაჟია, დაახლოებით, ორკილომეტრიანი სანაპირო ზოლით.

თეორიულად ხელშეკრულების პუნქტების სასამართლოში გასაჩივრება შესაძლებელია, თუმცა ჩინელებმა აქაც დაიზღვიეს თავი. კერძოდ, შეთანხმების პირობების მიხედვით, ხელშეკრულების ნებისმიერი გასაჩივრება ევროპულ კი არა, ჩინურ სასამართლოში უნდა მოხდეს.

ამჟამად ევროკავშირში ექსპორტისთვის ჩინეთის მიერ კონტროლირებადი მთავარი კარიბჭე საბერძნეთის პირეოსის პორტია. ჩინელებმა მისი აქციების გეგმაზომიერი შესყიდვა 2010 წელს დაიწყეს, ხოლო 2016 წელს მასზე კონტროლი მოიპოვეს, რის შემდეგაც პორტის სიმძლავრეებში სერიოზული ინვესტიციები განახორციელეს. თუმცა ლოგისტიკა ჯერ კიდევ არ არის მოსახერხებელი, რისთვისაც პეკინს მონტენეგროს ბარის პორტიც სჭირდება.

დასავლელი ექსპერტების კვლევით დადგინდა, რომ მსოფლიო პორტებში ორი დიდი ჩინური კომპანია, Cosco Shipping Ports და China Merchants Port Holdings არიან ჩართული. ამ ობიექტებს არა მხოლოდ ხელშესახები მოგება მოაქვს ჩინელებისთვის, არამედ ისინი „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის რეალიზების მთავარი ფაქტორია. კერძოდ, გაცილებით უსაფრთხოა, როცა ჩინური ტვირთი ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე ჩინეთის კუთვნილ პორტებშივე განიტვირთება, რადგან, მინიმუმ, ასეთ ეტაპზე მაინც ვერავინ შეძლებს ჩინეთის ვაჭრობის შეჩერებას.

ჩინეთი მესამე ქვეყნებზე სესხების გაცემას განაგრძობს და მათ გაბერილ პორტფელებში თავის წილს 60-70%-მდე ზრდის. პეკინი სარგებელს არა მხოლოდ ნატურალური გადახდების ან ვალების რესტრუქტურიზაციის მოთხოვნით მთავრობის მეთაურთა ვიზიტების სახით იღებს, არამედ ჩინეთი ამ ქვეყნებში გადაწყვეტილების მიღების პროცესს აკონტროლებს.

„არსებითად, ის არის ერთგვარი დიპლომატიური ანაკონდა: ჩინეთი არავის ოკუპაციას არ ახდენს და არავის არაფერზე აიძულებს, მაგრამ ჩინელი ინვესტორების დაკარგვის შიში მოქმედებას ზღუდავს, თავისუფალ ნებას გუდავს და მანევრისთვის სივრცეს კუმშავს. ამასთან, თავის ნებას ეფექტურად უმორჩილებს მათ, ვისაც ჩინურ ფინანსურ ნემსზე სვამს,“ - წერს ბრიუსელში მოღვაწე ჩინეთის სპეციალისტი ტერეზა ფელონი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ