აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი - კლიმატის ცვლილებასთან გამკლავება ჩვენი რეგიონის მომავლისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია

კლიმატის ცვლილებასთან გამკლავება ჩვენი რეგიონის მომავლისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, რობერტა კასალიმ, „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„აბრეშუმის გზის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას რობერტა კასალიმ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული იმ საფრთხეების შესახებ ისაუბრა, რომლებიც ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის ქვეყნებს ემუქრება.

„კლიმატის ცვლილებასთან გამკლავება ჩვენი რეგიონის მომავლისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ცენტრალური აზია და კავკასიის რეგიონის ქვეყნები უკვე გრძნობენ ამინდის ექსტრემალური გამოვლინებებით გამოწვეულ შედეგებს, რაც რისკის ქვეშ აყენებს, როგორც ადამიანების სიცოცხლეს, ასევე საფრთხეს უქმნის ადამიანების სურსათითა და წყლით უზრუნველყოფას. კლიმატის ცვლილება არაპროპორციულ გავლენას ახდენს ქალებსა და სხვა მოწყვლად ჯგუფებზე“, - განაცხადა რობერტა კასალიმ.

რობერტა კასალიმ, ასევე ხაზი გაუსვა იმ ინიციატივებს, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი ამ მიმართულებით ახორციელებს.

„აზიის განვითარების ბანკი ახალ ინოვაციურ სტრატეგიას იღებს ამ გამოწვევის წინააღმდეგ. ეს გულისხმობს ენერგეტიკის ახალ პოლიტიკას, რომელიც პირდაპირ შესაბამისობაში იქნება პარიზის შეთანხმებასთან. ამ მიმართულებით აზიის განვითარების ბანკი 100 მილიარდ დოლარს საკუთარი რესურსებიდან გამოყოფს და ეს 2030 წლამდე პერიოდს მოიცავს. აზიის განვითარების ბანკმა უკვე გაიღო 21 მილიარდი დოლარი კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პროექტების მიმართულებით. აქედან ბანკი 6 მილიარდზე მეტი დოლარით ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამის წევრ სახელმწიფოებს დაეხმარა. ცოტა ხნის წინ, განვაახლეთ ჩვენი კაპიტალის ჩარჩო და გავაფართოვეთ ბანკის სესხების ინსტრუმენტი, რომლის მიხედვითაც, მომდევნო 10 წლის განმავლობაში, წევრ ქვეყნებს 360 მილიარდი დოლარით დავეხმარებით. ვამაყობ, რომ დღეს ამ მნიშვნელოვანი განცხადების გაკეთება შემიძლია. ეს ის რესურსებია, რომლებიც შესაძლებლობას მოგვცემს ვიმოქმედოთ სხვადასხვა კრიზისების, მათ შორის კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ. აზიის განვითარების ბანკი ინოვაციური დაფინანსების მექანიზმს ხელმძღვანელობს და ჩვენი მიდგომაა, დავაჩქაროთ სუფთა ენერგიაზე გადასვლა, ისე რომ უკან არავინ დაგვრჩეს. ჩვენ ამის მისაღწევად კრიტიკული როლი გვაქვს, რათა შევასრულოთ ინიციატივები, გავზარდოთ რესურსები და ეფექტურად შევძლოთ კლიმატის ცვლილებაზე რეაგირების მოხდენა. ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის წევრ სახელმწიფოებს კლიმატის ცვლილების ხედვა დასამტკიცებლად მინისტერიალის კონფერენციის შემდეგ გადაეცემათ, რომელიც მომავალ თვეში გაიმართება. ხედვაში დაფიქსირებულია ის კოლექტიური ზომები, რომელიც წინ სწევს რეგიონული კლიმატის დღის წესრიგს, როგორიცაა ენერგეტიკული ტრანსფორმაცია, რათა მოხდეს კლიმატურად ჭკვიანი ინვესტიციების განხორციელება და გაიზარდოს ინსტიტუციური შესაძლებლობები“, - აღნიშნა აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.