ლარის დევალვაცია ინვესტორებს დააფრთხობს

"ეროვნული ვალუტის გაუფასურების პროცესი ამცირებს ნდობას"

თბილისის უპრეცედენტო ბიზნესფორუმს საქართველო ლარის გაუფასურების ფონზე მასპინძლობს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ამით ქვეყნის საინვესტიციო გარემო დაზარალდება, ინვესტორები კი ზედმეტ სიფრთხილეს გამოიჩენენ. საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად ცდილობს, რომ ინვესტორებს ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი საუკეთესოდ წარმოუჩინოს, მაგრამ აშკარაა ისიც, რომ ლარის კურსს ვეღარაფერი შველის. ცხადია, ამ პრობლემას ყველაზე კარგად ინვესტორები ხედავენ.

საბანკო სფეროს სპეციალისტი გოჩა თუთბერიძე ამბობს, რომ ვერც ეროვნულმა ბანკმა და ვერც აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო ბაზრის მონაწილეებისთვის რეალური მდგომარეობის ახსნა და იმ ერთადერთი პოზიტივის დანახვა, რაც ქვეყანაშია. "ლარის გაუფასურება ნეგატიური მომენტია და ინვესტორებისთვის მიმზიდველი პროცესი ვერ იქნება. ისინი უყურებენ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გარკვეული ძვრა ამ მხრივ არის, მაგრამ რატომღაც ლარზე დადებითად არ აისახა. აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ეროვნულ ბანკს კომუნიკაციის პრობლემა აქვთ. ვერ უხსნიან ბაზრის მონაწილეებს, რეალურად რა მდგომარეობაა ქვეყანაში და ვერ აჩვენებენ პოზიტიურ დინამიკას. ფსიქოლოგიური ფაქტორი უფრო მოქმედებს და ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა", - აცხადებს თუთბერიძე.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელის, ირაკლი დოღონაძის განცხადებით, ლარის დევალვაციის პროცესი გარკვეულ რისკს წარმოშობს როგორც მოქმედი, ისე პოტენციური ინვესტორებისთვის. მისი თქმით, არასტაბილური ეროვნული ვალუტა და არამყარი სავალუტო ბაზარი ხელს უშლის ინვესტორებს პროცესების დაგეგმვასა და რისკის სწორად შეფასებაში, რაც მათ საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე უარყოფითად აისახება.

"აუცილებელია, რომ მასშტაბური ბიზნესფორუმების ჩატარება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყნის იმიჯის ზრდას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ევრობანკის აღნიშნული ყოველწლიური შეხვედრა კავკასიაში პირველად ტარდება. გამომდინარე იქედან, რომ მოცემულ ფორუმში რამდენიმე ათეული სახელმწიფოს ფინანსთა მინისტრები და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, ასევე ბიზნესმენები და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები იღებენ მონაწილეობას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი საშუალებას მისცემს ქართველ ბიზნესმენებს, გააცნონ თავიანთი საქმიანობა და დააინტერესონ პოტენციური ინვესტორები სხვადასხვა პროექტებით და საქმიანი წინადადებებით. მსგავსი ტიპის კონტაქტების დამყარება მნიშვნელოვნად დაეხმარება ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების შემოსვლას, რაც, თავის მხრივ, სავალუტო შემოდინებების ზრდასაც შეუწყობს ხელს. ამ დროს ეროვნული ვალუტის დევალვაციის პროცესი ამცირებს ნდობას როგორც ბიზნესმენების, ისე მოქალაქეების მხრიდანაც, რაც საბოლოო ჯამში ისევ დოლარიზაციის მაჩვენებლის გაუარესებას უწყობს ხელს", - განმარტავს ირაკლი დოღონაძე.

აკადემიკოსი ავთო სილაგაძე არ მალავს, რომ უცხოელი სპეციალისტების მხრიდან კრიტიკას ელოდა, თუმცა საპირისპირო მოისმინა. მისი აზრით, ეროვნული ვალუტის გაუფასურება ინვესტორებზე უარყოფით შთაბეჭდილებას დატოვებს.

"ძალიან კარგია ის, რომ მოცემულ მომენტში საქართველო უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური შეხვედრის ცენტრი ხდება. ქვეყნის რეიტინგისთვის ეს დადებითი მომენტია, მაგრამ ცუდი ფაქტორია, რომ ინვესტორებს და საფინანსო ინსტიტუტების გავლენიან წარმომადგენლებს ეროვნული ვალუტა ასეთ მდგომარეობაში ხვდებათ. კრიტიკულ შეფასებებს უფრო ველოდი, ეს საქმისთვის უკეთესი იქნებოდა. ცხადია, ლარის ამ დონეზე გაუფასურება ინვესტორებზე უარყოფით გავლენას მოახდენს, თუმცა საქართველოს ეკონომიკაში რამდენიმე მომგებიანი სფეროა, რითაც ინვესტორები შეიძლება დავაინტერესოთ. მაგალითად, ენერგეტიკის სექტორი, მოპოვებითი მრეწველობა, ტურიზმი და სხვა. ვემხრობი პოზიციას, რომ ლართან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია გვქონდეს და მთავრობის მხრიდან ყველა კითხვას პასუხი გაეცეს", - აცხადებს სილაგაძე.

მარი ჩიტაია

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"