რუსულმა VTB-ბანკმა აფხაზეთში ნაღდი ანგარიშსწორებით ფულადი გზავნილები დაიწყო, რომლის დროსაც საბანკო ანგარიშის გახსნა საჭირო არ არის. ამის შესახებ TASS-ს ბანკის პრესსამსახურმა განუცხადა.
ბანკი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონს იმ „შვიდ ქვეყანას“ შორის ასახელებს, სადაც ტრანსსასაზღვრო გადარიცხვების ახალი სერვისი ნაღდი ანგარიშსწორებით ჩაუშვა. კერძოდ, აფხაზეთის გარდა, სიაში არის აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი, მოლდოვა, მონღოლეთი და სერბეთი, სადაც ფულის გადარიცხვის ახალი სერვისი პირველ ეტაპზე ჩაეშვება.
ბანკის ცნობით, ახალი სერვისი ითვლისწინებს იმას, რომ საცალო კლიენტები ამ მიმართულებებზე გადარიცხვებს „მყისიერად, მიმღები ქვეყნის ვალუტაში“ შეძლებენ, თანხას კი იქ მომუშავე სერვის-ცენტრები გასცემენ. საბანკო ანგარიშის გახსნა საჭირო არ არის.
„საკმარისია მხოლოდ ქვეყნისა და მიმღები პირის სრული სახელის მითითება, ხოლო გაგზავნის შემდეგ გადარიცხვას მიენიჭება სპეციალური ნომერი, რომელიც მიმღებს უნდა ეცნობოს. ამ ნომრის წარდგენითა და პასპორტის ჩვენებით თანხის აღება მიმღები ქვეყნის ნებისმიერ სერვის-ცენტრში იქნება შესაძლებელი,“ - აცხდებს პრესსამსახური.
ერთი ტრანზაქციის მაქსიმალური ოდენობა 350 ათასი რუბლია (3,7 ათასი დოლარია), თუმცა თვეში 500 ათას რუბლს (5,3 ათას დოლარს) არ უნდა აღემატებოდეს. საკომისიო გადარიცხული თანხის 1,5%-ს შეადგენს. გადარიცხვები რუბლებში შესრულდება, თანხა კი უცხოურ ვალუტაში გაიცემა.
VTB აანონსებს, რომ წლის ბოლომდე „პარტნიორი ქვეყნების რიცხვს 20-მდე გაზრდის.“
გადარიცხვა ანდროიდის სისტემის გაჯეტებიდან ბანკის აპლიკაციით ან VTB Online-ით იქნება შესაძლებელი.
ცნობისთვის: უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული საომარი მოქმედებების გამო აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა რუსულ ფინანსურ სისტემას სანქციები დაუწესა. მათ შორის მოხვდა VTB-იც. შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა VTB-ის (ასევე, მთლიანად საფინანსო სექტორს) სასანქციე ვალდებულებების შესრულებაზე მითითება მისცა. მალევე „VTB-ბანკ ჯორჯიას” მცირე და საშუალო ბიზნესის პორტფელი „ლიბერთი ბანკმა“, ხოლო „ბაზისბანკმა“ საცალო ბიზნესის სრული პაკეტი (სესხები, დეპოზიტები), ასევე, ბიზნესის პაკეტის ნაწილი (სესხები, დეპოზიტები) გადაიბარა. მოგვიანებით VTB-ის მმრთველმა, ანდრეი კოსტინმა საქართველოს ბაზრიდან გასვლა დააანონსა.
VTB-ში აქციების 59.3%-ის მფლობელი რუსეთის ფედერაციის სახელმწიფოა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ