რუსული ბრილიანტების იმპორტის აკრძალვის შესახებ G7-ის განცხადება ამ თვის ბოლომდე არის მოსალოდნელი. ინფორმაციას Reuters დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, G7-ის ამ განცხადების შემდეგ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტს დააანონსებს.
„ახლა ჩვენ G7-ისგან „საბოლოო კურთხევა“ გვჭირდება, რომ ეს წინადადებები ევროპულ დონეზე იურიდიულ ტექსტში გადავთარგმნოთ,” - აცხადებს ევროკავშირის ანონიმური დიპლომატი.
მეორე წყაროს ცნობით, განცხადება, სავარაუდოდ, ერთ კვირაში გაკეთდება და ევროკავშირის სანქციების მე-12 პაკეტი რუსულ ბრილიანტებზე იქნება ორიენტირებული.
გასულ კვირას G7-მა ტექნიკური შეხვედრა გამართა, რომ ინდუსტრიული ჯგუფების, ინდოეთისა და ბელგიის მიერ წამოყენებული რამდენიმე წინადადება განეხილა.
საფრანგეთის საგარეო უწყების ცნობით, „G7-ის წევრებსა და ბელგიას შორის, ალმასის სექტორის ეკონომიკურ მოთამაშეებთან ერთად, დისკუსიები ტექნიკურ საკითხებზე მიმდინარეობს.“
მანამდე ცნობილი გახდა, რომ G7-მა ბრილიანტის წარმოშობასა და ხარისხს შორის კავშირის პრინციპი უკვე განსაზღვრა, თუმცა აკრძალვის ტექნიკური დეტალები გასარკვევი ჰქონდა.
რუსეთი მსოფლიოში ბრილიანტების ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელია, თუმცა სექტორმა სანქციების უმეტესობის თავიდან აცილება მოახერხა. რუსეთს ბრილიანტების ექსპორტში არაბთა გაერთიანებული საემიროები და ინდოეთი მოსდევს.
ჯერ კიდევ 2022 წლის მარტში შეერთებულმა შტატებმა რუსეთიდან ბრილიანტების იმპორტზე უარი თქვა, რის შემდეგაც ბევრი დასავლელი საიუველირო მოვაჭრე რუსული ქვების მიწოდებას თავს არიდებს. მიმდინარე წლის გაზაფხულზე რუსული ბრილიანტების იმპორტი დიდმა ბრიტანეთმაც აკრძალა.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა რუსული ბრილიანტების მიწოდების აკრძალვასა და კომპანია „ალროსას“ სანქციების მერვე პაკეტში შეყვანას დაჟინებით მოითხოვდა. თუმცა ბელგიელმა დიპლომატებმა და ანტვერპენის მსოფლიო ბრილიანტის ცენტრის ლობისტებმა, რომელიც ალმაზებითა და ბრილიანტებით ვაჭრობის უდიდესი საერთაშორისო ჰაბია, ეს წინადადებები დაბლოკეს.
2021 წელს რუსეთმა ბელგიაში 28,2 მილიონი კარატის ალმაზი შეიტანა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ