მიხეილ სარჯველაძე - რუხ ბიზნესმენებზე როცაა საუბარი, კეზერაშვილი მახსენდება, ივანიშვილი - არა, რადგან აბსოლუტურად არ აქვს მას შემხებლობა რუხ ფერთან

რუხ ბიზნესმენებზე როცაა საუბარი, მე პირადად, მაგალითად, კეზერაშვილი მახსენდება, ივანიშვილი - არა, რადგან აბსოლუტურად არ აქვს მას შემხებლობა რუხ ფერთან,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ჯეიმს ობრაიენის განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ხომ არ გულისხმობდა ის თავის განცხადებაში ბიძინა ივანიშვილს.

რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძის შემდეგ სხვა პირების სანქცირების შესაძლებლობას, სარჯველაძე აცხადებს, რომ გაუჭირდება პროგნოზის გაკეთება, თუმცა, აცხადებს, რომ ივანიშვილის სანქცირებისთვის არანაირი მიზეზი არ არსებობს.

„რა როგორ იქნება და რა პრინციპით ხდება ეს ყველაფერი, მე გამიჭირდება პროგნოზის გაკეთება. არავითარი მიზეზი ამისთვის [რომ ბიძინა ივანიშვილი დასანქცირდეს] არ არსებობს, უბრალოდ, ეს არის ის, რაც თქვენ გინდათ”, - განაცხადა სარჯველაძემ.

ინფორმაციისთვის, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯეიმს ობრაიენმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ „ახლა კითხვა ისაა, ხომ არ გადაწყვეტენ საქართველოში ბიზნესების მცირე ჯგუფი და პოლიტიკური გავლენის მქონე პირები, რომ საქართველო იყოს რუხი ზონა, რუსეთსა და დასავლეთს შორის“.