გიორგი ქადაგიძე: პრობლემის გადაწყვეტის გასაღების ძიება ეროვნულ ბანკსა და მონეტარულ ინსტრუმენტებში არის ილუზია

მაშინ, როდესაც ქვეყანაში შემოდის ნაკლები უცხოური ვალუტა, პრობლემის გადაწყვეტის გასაღების ძიება ეროვნულ ბანკსა და მონეტარულ ინსტრუმენტებში არის ილუზია, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ ჟურნალისტებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, იუჰა კაჰკონინთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. "ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რამდენად მტკივნეულია ლარის გაუფასურება ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებსაც გაუძვირდათ სესხის მომსახურების ტვირთი. ჩვენ ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვუდგებით ამ საკითხს და ყოველდღიურად ვადევნებთ ამ პროცესს თვალს და მონიტორინგს ვუწევთ", - აღნიშნა ქადაგიძემ.

როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, მაშინ, როდესაც ქვეყანაში შემოდის ნაკლები უცხოური ვალუტა, პრობლემის დაძლევის გასაღების ძიება ეროვნულ ბანკში და მონეტარულ ინსტრუმენტებში არის ილუზია. "ეს ჰგავს მცდელობას, სახლის მეორე სართული საძირკველიდან გამოღებული აგურით ავაშენოთ. მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმას, რაც არაერთხელ დადასტურებულა მსოფლიო ეკონომიკის ისტორიაში, ეს რომ შესაძლებელი იყოს და ასე უმტკივნეულოდ მხოლოდ მონეტარული ინსტრუმენტებით ხდებოდეს ამ პრობლემის მოგვარება, მთელი მსოფლიო გააკეთებდა ამას და საერთოდ არ იქნებოდა გაუფასურება", - განაცხადა ქადაგიძემ.

როგორც გიორგი ქადაგიძემ აღნიშნა, საქართველოს ეროვნული ბანკი ახორციელებს პოლიტიკას საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით, რაც აღიარებულია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ.